სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო „ვექტორის“ წარმომადგენელი ალექსანდრე გეჯაძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებს პასუხობს.
ხაჭაპურიძის განცხადებით, ალექსანდრე გეჯაძემ მას უთხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ისეთი დასკვნა დადო, რაც შსს-ს აწყობდა და მას ამის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები აქვს.
გეჯაძე ამბობს, რომ „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ და ცილისწამებაა, თითქოს „ვექტორის“ მიერ გაცემული დასკვნა შსს-ს, პროკურატურის ან ძალოვანი სტრუქტურების დაკვეთით იწერება. ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა, გეჯაძის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზედამხედველობით მიდიოდა და ის რომ არაობიექტური და არაარგუმენტირებული ყოფილიყო, საია ამის შესახებ განაცხადებდა. გეჯაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას სახის ძვლის მოტეხილობები, ცალკე აღებული, სიკვდილს არ გამოიწვევდა.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, ექსპერტის თქმით, მას არ უნდა ინსინუაციებში შესვლა.
„თუ მას თავისი შინაგანი რწმენა, შინაგანი მოთხოვნილება და პროფესიონალური მოთხოვნილება აძლევს იმის უფლებას, რომ რაღაც ჩანაწერი (თუ აქვს ასეთი) გამოაქვეყნოს, არანაირ პრობლემას ეს ჩემთვის არ წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, ამ ჩანაწერში ვინ ლაპარაკობს, როდის ლაპარაკობს, რომელ ეტაპზე ლაპარაკობს და რა კონტექსტში ლაპარაკობს, ამაზე განმარტებას მოგცემთ იმის შემდეგ, თუკი ბატონი შალვა ჩანაწერს გამოაქვეყნებს“, — განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
გეჯაძე შალვა ხაჭაპურიძის დაცვის სტრატეგიით ხსნის დამოუკიდებელი ექსპერტების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას, რითაც მისი თქმით, ადვოკატმა ერთობლივი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის აცილება შეძლო.
„მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ აქვს. თავისი მიზანი როგორ განახორციელა ადამიანურად და მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, — განაცხადა გეჯაძემ.
მან ასევე ისაუბრა, რატომ არ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში. ექსპერტის თქმით, შალვა ხაჭაპურიძე მასთან კონსულტაციებს გადიოდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ოფიციალურად ჩაერთვებოდა და შემდეგაც აწვდიდა ზეპირ ინფორმაციას და გარკვეულ დოკუმენტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მან უარი უთხრა შალვა ხაჭაპურიძეს ექსპერტიზაზე, რადგან რამდენიმე თვის წინ მის ხელთ არსებული მონაცემები არ აძლევდა საფუძველს, ადვოკატის დაცვის სტრატეგიას გაჰყოლოდა და ეთქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გავიარე კლინიკური კონსულტაციები ჩვენი ცენტრის წარმომადგენელ სპეციალისტებთან და მათი ერთობლივი პოზიციაც იყო, რომ იმ მონაცემებით, ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ პასუხს, ანუ ვერ დავწერდით, რომ ის იყო მძიმე ავადმყოფი“, — განაცხადა გეჯაძემ და ხაზი გაუსვა, რომ საუბრობს პაციენტის თვეების წინანდელ მდგომარეობაზე და იმ დაავადებებზე, რომელზეც მაშინ იყო საუბარი და არ აფასებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას.
გეჯაძე ამბობს, რომ ცენტრი „ემპათია“ სტამბულის პროტოკოლის ფორმატში დადგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სტანდარტით მოქმედებს, რაც საქართველოს სამართლებრივი სივრციდან აბსოლუტურად აცდენილია, ამიტომ ხაჭაპურიძე ღელავდა, რამდენად დაიცავდა ამ დასკვნით სასამართლოში პოზიციებს და გეჯაძეს სთხოვა, როცა „ემპათიის“ დასკვნა მომზადდებოდა, ენახა, რამდენად გამართულია არა შინაარსობრივად, არამედ სტილისტურად და სამართლებრივად. თუმცა, გეჯაძის თქმით, ხაჭაპურიძე ამის შემდეგ არ დაჰკავშირებია და „ემპათიის“ დასკვნა მასთან არ გაუვლია.
ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანიამ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაიქირავა. მან ხელი მოაწერა სამხარაულის ბიუროს დასკვნას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებით გარდაიცვალა, ხოლო 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის მიერ მიყენებული დაზიანებები ნაკლები სიმძიმის იყო და არ გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.