ახალი ამბები

საია: ექსპერტიზის არაპროპორციულად გავრცელება ამცირებს გამოძიების მიმართ ნდობას

8 იანვარი, 2022 • 1742
საია: ექსპერტიზის არაპროპორციულად გავრცელება ამცირებს გამოძიების მიმართ ნდობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის არაპროპორციულად გავრცელება, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ამცირებს გამოძიების მიმართ ნდობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ის მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

7 იანვარს შსს-ს გავრცელებული მასალებით ცნობილი ხდება, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო და ის 37 გვერდისგან შედგება. ხელმისაწვდომი მხოლოდ 6 გვერდი გახდა.

„იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის.

ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად.

კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).

საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული,“ – ამბობს ორგანიზაცია.

ამასთანავე, საია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში ექვს პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

საია ლექსო ლაშქარავას ოჯახთან შეთანხმებით, გააგრძელებს მიმდინარე გამოძიებების პროცესში ოჯახის უფლებების დაცვას. საია-ს ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თაობაზე, ხოლო დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას სწორედ აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შედეგად გავაცნობთ,“ – აცხადებს საია.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს


ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

7 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ კრიტიკით შეხვდნენ. “იუნესკო საგამოძიებო ორგანო არ არის” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა

მასალების გადაბეჭდვის წესი