მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ტრიბუნის წინ გამოფინეს ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.
როგორც ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, მის დაღუპულ კოლეგას დღეს კრძალავენ და მიიჩნევს, რომ არავის აქვს მორალური უფლება, ამ ტრიბუნასთან იდგეს.
ამის შემდეგ პროტესტს სხვა ჟურნალისტები და ოპერატორებიც შეუერთდნენ, მათ თამარ გაბუნიას წინ, რომელსაც ბრიფინგი უნდა გაემართა, აღმართეს ლექსო ლაშქარავას ფოტოები და საპროტესტო პლაკატები, წარწერით “დაისაჯონ დამნაშავეები” და “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”.
ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.
როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.