საზოგადოება

გეჯაძის თქმით, ის ეთანხმება და ხელი მოაწერა ლაშქარავას ექსპერტიზას

8 იანვარი, 2022 • 1522
გეჯაძის თქმით, ის ეთანხმება და ხელი მოაწერა ლაშქარავას ექსპერტიზას

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ მან შსს-ს მიერ გასაჯაროებამდე იცოდა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის შესახებ და მას ხელი მოაწერა.

საუბარია ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზაზე, რომლის მხოლოდ ნაწილიც მიაწოდა 7 იანვარს შსს-მ მედიას. მას შემდეგ, რაც UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. დასკვნა 30 დეკემბრით თარიღდება.

გეჯაძე ამბობს, რომ მან ექსპერტიზის დასრულების შესახებ 30 დეკემბრამდე იცოდა, 30 დეკემბერს – შესწავლის შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწერა. ის ამატებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მას ექსპერტიზის პასუხის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა, რადგან ის იყო არა შემსრულებელი, არამედ – მოწვეული ექსპერტი და უწევდა კონსულტაციას.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებით გარდაიცვალა, ხოლო 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის მიერ მიყენებული დაზიანებები – ნაკლები სიმძიმის იყო და არ გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს.

რას თქვა ალექსანდრე გეჯაძემ ბრიფინგზე?

დღევანდელ ბრიფინგზე ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ეთანხმება ექსპერტიზის პასუხს და დასძინა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება იყო.

ის ჟურნალისტებს განუმარტავს, რომ 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე მას სამხარაულის ბიურომ საექსპერტო დასკვნის პროექტი გამოუგზავნა, რომელიც მან დეტალურად შეისწავლა, მათ შორის მისივე ცენტრის – „ვექტორის“ ექსპერტებთან ერთად.

„ შემდგომ უკვე გავაანალიზე და შევისწავლე მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე – რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც განაპირობა, გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დადგა სავალალო შედეგი, ფატალური გამოსავალი,“ – ამბობს ის.

ამასთანავე, გეჯაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას სხეულზე აღენიშნებოდა ორი პოსტ-ინიექციური ნაწიბური, რომელიც სიკვდილის დღეს გაჩნდა – ერთი 1 საათი ადრე, ხოლო მეორე – 4 საათით. ჟურნალისტის კითხვაზე, იღებდა თუ არა ლაშქარავა მანამდეც ნარკოტიკულ საშუალებებს, გეჯაძე ამბობს, რომ მის სხეულზე უფრო ხანდაზმული ნაწიბურებიც იყო:

„საზარდულის მიდამოში, განვითარებული ნაწიბური მიუთითებდა მასზე, რომ აქ არაერთჯერადად.. ხანდაზმულ პოსტ-ინიექციური ნაწიბურთან გვქონდა საქმე. მოთეთრო ფერის ნაწიბურის ხანდაზმულობის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია…,“ – თქვა მან და დასძინა, რომ ნაწიბურები ასევე იპოვეს ორივე ზედა კიდურზე და მუცლის არეშიც.

რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო, გეჯაძე ამბობს, რომ ისინი არ იყო მძიმე ხასიათის, შესაბამისად, ვერც სიკვდილს გამოიწვევდა და „ამავდროულად, ხელის შემწყობი ფონიც გამორიცხულია ამ შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე,“.

ჟურნალისტებმა გეჯაძეს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუ მან დასკვნის შესახებ 30 დეკემბრამდე იცოდა, რატომ არ უთხრა „ტვ პირველს“ – ანუ კომპანიას, რომლის დაკვეთითაც ჩაერთო გეჯაძე ექსპერტიზაში. გეჯაძე ამბობს, რომ ეს რომ „ვექტორის“ ექსპერტიზა ყოფილიყო, ის დასრულებისთანავე ეტყოდა დამკვეთს, თუმცა:

„დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, შემსრულებელი იყო სამხარაულის საექსპერტო ბიურო, მე მოწვეული ვიყავი კომისიაში.

დამკვეთი იყო გამოძიება, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გაახმაურებდა ა არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა, რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის – ანუ ტელეკომპანიისთვის,“ – ამბობს გეჯაძე.

გეჯაძემ 3 იანვარს მიმართა წერილობით სამხარაულის საექსპერტო ბიუროს და გამოითხოვა სრული დასკვნის ასლი, რომელიც 4 იანვარს მიიღო.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მან დამალა ინფორმაცია, გეჯაძე პასუხობს – „მე მოვიქეცი კანონს ფარგლებში,“ და ამატებს, რომ ის მოიქცა კანონის და მისი პროფესიული ეთიკის ფარგლებში.

ბრიფინგის ბოლოს გეჯაძეს ჰკითხეს, განიცდიდა თუ არა ლაშქარავა ტკივილს და სჭირდებოდა თუ არა მას გამაყუჩებლები:

„მე ვამბობ, რომ ტკივილის სინდრომი ექნებოდა, სისხლჩაქცევები გაწოლილი არ იყო და რატომ მოიხმარა ეს პრეპარატი, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ,“ – დასძინა მან.

„ტვ პირველის“ პასუხი

ბრიფინგს მალევე გამოეხმაურე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, რომელმაც თქვა, გეჯაძემ ექსპერტიზის პასუხი იმის მიუხედავად დამალა, რომ სწორედ ტელეკომპანიამ დაიქირავა ის.

„ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა,“ – წერს ვატო წერეთელი.


ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

7 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ კრიტიკით შეხვდნენ. “იუნესკო საგამოძიებო ორგანო არ არის” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა

მასალების გადაბეჭდვის წესი