ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები შეარჩიეს

9 ივლისი, 2021 • 7454
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები შეარჩიეს

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს და  2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. გიორგი სანტურიანი კი ცესკოში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან ცესკოს იურიუდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს.

საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან, ცესკოს თავმჯდომარეობის 7 კანდიდატს მოუსმინა.

ზემოხსნებულ ორ კანდიდატს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

საკონკურსო კომისიის თავმჯომარე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, შერჩეული კანდიდატები დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

“მე გამიჩნდა განცდა, რომ იმ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, გარდა ქალბატონი მარინა ჩიტიშვილისა, ყველა იყო შეთანხმებული პოზიციაზე და ეს ნამდვილად არასწორია. ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და, შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით. ქალბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სამი დღის განმავლობაში და წარუდგენს პარლამენტს“, – განუცხადა გიორგი კლდიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი კი საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭირონ.

“კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, რომელთა მიმართაც, ვფიქრობ, ​საზოგადოებაში არ იქნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო და, შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მე განსხვავებული აზრი დავწერე ისევე, როგორც ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან. ამის გაცნობის საშუალება საზოგადოებას ექნება. მე ამ ადამიანების პროფესიონალიზმს არ ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა და ყველა პოლიტიკური ძალა მათ ვერ ენდობა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გამოიყენა ან ძალიან დაბალი სტანდარტები, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება. თუმცა ეს კითხვები მე მარინა ჩიტაშვილთან მიმართებით არ მაქვს და მის გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

საკონკურსო კომისიაში შედიოდნენ:

  • გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

 

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი