დღეს, 30 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ჟვანიას შემცვლელს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს, რომელიც ამ კვირაში მიიღეს.
კანონით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.
ცესკოს თავმდჯომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა განკარგულება თამჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოსცეს. ვინაიდან, თამარ ჟვანია გადადგა და ვაკანტური თანამდებობა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა განკარგულება მისი გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.
როგორ წარადგენს პრეზიდენტი ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატს
- პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარსადგენად ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს საკონკურსო კომისიის მეშვეობით, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს 9 და არაუმეტეს 11 წევრისგან.
- საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო საკითხებში, დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება და რომელთა საქმიანობა, როგორც ფინანსური, ისე შინაარსობრივი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებსაც უკავიათ არჩევითი აკადემიური თანამდებობა. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
- საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
- ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
- თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
- კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატურებს წარუდგენს.
- კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს თავმდჯომარის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ.
- თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.
როგორ ირჩევს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს
- პარლამენტი ცესკოს თავმდჯდომარეს ირჩევს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
- პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 ხმით) უმრავლესობით. ორი მესამედით ვერ არჩევის შემთხვევაში პარლამენტი თავმჯდომარეს ირჩევს სამი მეხუდეთით(90 ხმით). სამი მეხუთედით ვერ არჩევის შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევა ხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით).
- თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში − 6 თვე. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ “ქართული ოცნება” ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს.
- ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.