ახალი ამბები

ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები მთავრობას თავდამსხმელების დასჯისკენ მოუწოდებენ

6 ივლისი, 2021 • 1192
ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები მთავრობას თავდამსხმელების დასჯისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები გმობენ თბილისში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს და სახელმწიფოს მოუწოდებენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ.

“ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს TbilisiPride21-ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება ლგბტქი თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება”, — ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის, დენიელ ჰოლტგენის მიერ გავრცელებულ ტვიტერის პოსტში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები.

“ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ TbilisiPride21 – ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები”, — აცხადებს დუნია მიატოვიჩი.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები და კვერცხები დაუშინეს პარტია “გირჩის” ოფისს.

თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი