ახალი ამბები

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

16 აპრილი, 2024 • 774
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი მაიკლ ოფლაერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში“.

ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, კანონის მიღებას შეიძლება ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ შორის, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

„არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმური მუშაობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი დაფინანსების უცხოური წარმომავლობის გამო“, —  ამბობს კომისარი.

ამ კონტექსტში ის სთხოვს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებისგან.

კომისარი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელშიც წერია: „იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ დამკვირვებლის როლი, მათ უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა წყაროდან დაფინანსების მიღების თავისუფლება“.

კომისარი ასევე ციტირებს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ დაფინანსების — ფულადი ან ნატურალური შემოწირულებები — მიღება არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოსგან ან მრავალმხრივი სააგენტოებისგან“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხო წერილში წერს, რომ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ სათანადოდ შეისწავლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა და სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს „ყველაზე მინიმალურ და პროპორციულ ჩარევას გამჭვირვალობისა და ლობიზმის შესახებ თუნდაც ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ ან ევროკავშირის მსგავს კანონებთან თუ კანონპროექტებთან შედარებით“.

„მსოფლიო მასშტაბით არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს გამჭვირვალობის ამაზე უფრო მცირე ვალდებულება… კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში. საქართველოში ისინი, მართლაც, თავისუფლები არიან და ამ კანონის მიღების შემდეგაც თავისუფლები იქნებიან. მათ თავისუფლად შეეძლებათ „მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან“. ასევე, მათი დაფინანსების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც არ იქნება შემოღებული რაიმე სახის შეზღუდვა“, — წერს პაპუაშვილი.

ადამიანის უფლებათა კომისრის გარდა, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი