ახალი ამბები

ჰომოფობიური აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

1 ივლისი, 2021 • 1115
ჰომოფობიური აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თბილისში დააკავეს ჰომოფობური აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ.

ჰომოფობური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულებს შორის სავარაუდოდ არის ლევან ვასაძის პოლიტიკური მოძრაობა “ერის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე.

დაკავებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებს “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს “თბილისი პრაიდის” ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი. მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს. ღონისძიების ორგანიზატორები კინოჩვნების ადგილს არ ასაჯარობდნენ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ადგილზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მივიდნენ.

პოლიციას ადგილზე რამდენიმე ჯებირი აქვს მოწყობილი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს შენობასთან არ უშვებს. აქციაში სხვადასხვა ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური მოძრაობების ლიდერებიც მონაწილეობენ. თბილისში არ იმყოფება ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უცხოეთში იმყოფება სამკურნალოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი