ახალი ამბები

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება – კუჭავა პრაიდზე

1 ივლისი, 2021 • 899
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება – კუჭავა პრაიდზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ  სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის დაცვის ვალდებულება აქვს და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს.

ასე გამოეხმაურა კუჭავა პრაიდის კვირეული დაწყებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს არიდებული ყველა სახის ძალადობა.

“სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული”, – განაცხადა კახა კუჭავამ.


“თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი