ახალი ამბები

საპატრიარქო „პრაიდის“ წინააღმდეგ მთავრობას და ევროპარლამენტარებს მიმართავს

29 ივნისი, 2021 • 2087
საპატრიარქო „პრაიდის“ წინააღმდეგ მთავრობას და ევროპარლამენტარებს მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მოუწოდებს, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.

1-5 ივლისს „თბილისის პრაიდის“ ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, პრაიდის ფესტივალი და ღირსების მარში. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელმა არაერთხელ თქვა, რომ მათი აზრით, „ღირსების მარში“ არ უნდა ჩატარდეს.

28 ივნისს ევროპარლამენტის 30-მდე წევრმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „თბილისი პრაიდის“ გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება.

მეორე დღეს, 29 ივნისს, საპატრიარქომ გაავრცელა ჰომოფობიური შინაარსის განცხადება, სადაც ქვიარებთან დაკავშირებით ნახსენებია „არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა“, „არასრულწლოვნებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა“ და ა.შ.

საპატრიარქო წერს: „აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი“.

„მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, -აცხადებს საპატრიარქო.

„მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას — გარდაუვალი შფოთი“, – წერია განცხადებაში.


ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.

“თბილისი პრაიდი” 5 ივლისს რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს

პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს – შსს „ღირსების მარშზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი