ახალი ამბები

კობახიძე პრაიდის ჩატარებაზე: უარი უნდა ეთქვათ სრული კონტექსტის გათვალისწინებით

17 ივნისი, 2021 • 2504
კობახიძე პრაიდის ჩატარებაზე: უარი უნდა ეთქვათ სრული კონტექსტის გათვალისწინებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, „თბილისის პრაიდის“ ჩატარებას უარი უნდა ეთქვას.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულის გამართვას, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.

ტვ პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ 17 ივნისს ამ თემაზე ჰკითხა მოსაზრება ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა:

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, განაცხადა:

„მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სრულ კონტექსტში.

ორი დღით ადრე, 15 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდა, „მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი“.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით. უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

„სირცხვილია კონსტიტუციის ასეთი ფეხქვეშ გათელვა“, – ასე გამოეხმაურა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას.

“თბილისი პრაიდი” 5 ივლისს რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი