ახალი ამბები

„ფეისბუკი გამიტეხეს“ – ლომინაძე ანტითურქულ და „ნენსკრას“ საწინააღმდეგო პოსტებზე

15 ივნისი, 2021 •
„ფეისბუკი გამიტეხეს“ – ლომინაძე ანტითურქულ და  „ნენსკრას“ საწინააღმდეგო პოსტებზე

„ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ დირექტორ მერაბ ლომინაძის კუთვნილ ფეისბუკის ანგარიშზე  „ნენსკრაჰესის“ აშენების საწინააღმდეგო პოსტი იყო გაზიარებული.

ამავე პროფილზე ასევე გაზიარებული იყო მასალები, რომლებსაც საქართველოში ანტითურქული განწობების გასაღვივებლად იყენებენ. ყველა ეს პოსტი 2018 წლით თარიღდება – იმ პერიოდით, როდესაც „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი ჯერაც არ იყო დადებული.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ლომინაძე ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგი, თურქეთი საქართველოს ყველაზე სტაბილური პარტნიორია, ფეისბუკი სამ-ოთხჯერ გაუტეხეს და ეს პოსტებიც, სავარაუდოდ, იმდროინდელია.

„არა ნენსკრაჰესს“

ფეისბუკზე მერაბ ლომინაძის კუთვნილ ანგარიშზე („ბიკო ლომინაძე“) 2018 წლის 7 ივლისს საჯაროდ არის გაზიარებული მომხმარებლის, ხათუნა (ხათო) ვიბლიანის პოსტი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. პოსტში, რომელსაც თან ერთვის 42-წამიანი ვიდეო, სადაც დაჩეხილი ხეები ჩანს, ვკითხულობთ:

გაჩეხილი, განადგურებული, უზარმაზარი ტერიტორია მემულში ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის
#არა ნენსკრა ჰესს
#არა დიდ ჰესებს სვანეთში
#No Dams [ანუ „არა ჰესებს“]“

პოსტზე ერთი ფეისბუკმომხმარებელი უწერს: „მერე გვიკვირს ღვარცოფი და მეწყერი“, რაზეც  პასუხობს:

„ეგრეა. ხშირად ჩვენ თვითონ ვიზამთ რაღაც სისულელეს და მერე შედეგი გვიკვირს“!

ამჟამად, — მას შემდეგ, რაც „ნეტგაზეთმა“ მას უჩვენა ამ პოსტის სქრინი, — ლომინაძის ანგარიშზე გაზიარებული ეს პოსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის.

წყარო: ლომინაძის ფეისბუკის სქრინშოთი. დასქრინშოთებულია „ნეტგაზეთის“ მიერ 15 ივნისს

[აქვე, გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან გაეცნოთ „ნენსკრა ჰესთან“ დაკავშირებული სადავო საკითხების მიმოხილვას]

„ფეისბუკი გამიტეხეს“ – ლომინაძე

„ნეტგაზეთი“ ამ პოსტებთან დაკავშირებით დაუკავშირდა მერაბ ლომინაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ფეისბუკის გვერდი 3-4-ჯერ გატეხეს:

„არ ვეწინააღმდეგებოდი [ნენსკრას]. ჩემი ფეისბუკგვერდი რამდენჯერმე იქნა გატეხილი. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში სამი ჰესი არის, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს: „ხუდონი“, „ნამახვანი“ და „ნენსკრა“. ამ სამი პროექტის გარეშე ვერც ენერგოსისტემას და ვერც ეკონომიკას ხვალინდელი დღე ვერ ექნება“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, როდის გაუტეხეს ფეისბუკი, გვიპასუხა, რომ „არაერთხელ, რადგან ეტყობა ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ვერ გეტყვით, შეიძლება მაგასთან იყოს ეგ დაკავშირებული“…

„თუ ვიღაცამ გატეხა, რაღაცა დადო და მე აღარ მივაქციე ყურადღება…“

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, აცნობა თუ არა შსს-ს ანგარიშის გატეხვის შესახებ, თქვა, რომ არავისთვის არაფერი უცნობებია: „მეგობრებმა აღმიდგინეს ყველაფერი“.

„არც ნენსკრაჰესის, არც ნამახვანჰესის და არც ხუდონჰესის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვყოფილვარ“, – ამბობს იგი.

თურქოფობიური პოსტები

ლომინაძის პროფილზე 2018 წლის 25 ივლისს გაზიარებულია პოსტი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს ციტირებს და სადაც წერია:

„საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არცერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის“.

წყარო: ლომინაძის ფეისბუკის სქრინშოთი. დასქრინშოთებულია „ნეტგაზეთის“ მიერ 15 ივნისს

2018 წლის 25 ივლისს ამავე პროფილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც თურქეთის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის, აჰმედ დავითოღლუს კომენტარია, რუსული დუბლირებით. რუსული ვერსიით, დავითოღლუს ტექსტი [რომლის ანალოგიური ქართული თარგმანი „ობიექტივზეც“ გადიოდა] ასეთია:

„გასული საუკუნე ის გვერდია, რაც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ. საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია. მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზი იყვნენ ერთი ქვეყნის, ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში, მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“

წყარო: ლომინაძის ფეისბუკის სქრინშოთი. დასქრინშოთებულია „ნეტგაზეთის“ მიერ 15 ივნისს

რეალური კონტექსტი

დავითოღლუს სიტყვის დედანში კი, თურქული სახელმწიფო მედია „ანადოლუს“ ცნობით, ბათუმი მხოლოდ ციტატის პირველ ნაწილში იყო ნახსენები, სადაც ახალ კავშირებსა და მშვიდობიან გზებზეა საუბარი, ხოლო შემდეგ ამბობს, რომ „ახლა სხვადასხვა ქვეყნები შეიძლება იყოს, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე ერთი ქვეყნის ნაწილი იყო. ასევე, ერზრუმი და ბენღაზი“.

მსგავს კონტექსტში ახსენებენ ხოლმე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რიზეს უნივერსიტეტში, როდესაც მან თქვა „განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ“?

„ნეტგაზეთის“ არქივში იძებნება არაერთი მასალა ამ საკითხზე. სხვადასხვა პროფესიის სამი რესპონდენტი, რომლებიც თურქეთის საკითხებზე მუშაობენ და რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აცხადებენ, რომ ეს განცხადება არ ნიშნავს რაიმე ტიპის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, — ის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ტექსტია და არა ახალი გეოპოლიტიკური განაცხადი.

[ვრცლად: რა (არ) თქვა სინამდვილეში ერდოღანმა ბათუმზე]

ფატმა სერენ იაზგან, თურქეთის ელჩი. საქართველოს საპატრიარქო, თბილისი. 04.10.2018. ფოტო: საპატრიარქო

ამ საკითხზე „ნეტგაზეთთან“ განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა სერენ იაზგანსაც, რომელმაც გვითხრა:

ადამიანებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, თურქეთის მოქალაქეებს, აქვთ ოჯახური, კულტურული კავშირები სხვადასხვა ქალაქთან, ქვეყნებთან, რეგიონებთან. ასეთი კავშირები არსებობს ერაყთან, სირიასთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, სამხრეთ კავკასიასთან… მათი ფესვები თანამედროვე თურქეთს გარეთაა და ეს ძალიან პოზიტიური კულტურული კავშირებია, ჩვენ ეს გვაძლევს ხიდებს, რაც გვეხმარება ეკონომიკის განვითარებაში… ჩემი აზრით, ეს იგულისხმა პრეზიდენტმა. უბრალოდ ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ ხელი შეუშალონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს, აიღეს ეს სიტყვები, ამოგლიჯეს კონტექსტიდან და იყენებენ ჩვენი საქმის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ“.

[გირჩევთ ვრცლად ამ თემაზე: თურქეთის პოზიციები ბათუმზე, მეჩეთსა და საზღვრებზე]

რაც შეეხება საქართველოში „311 მეჩეთისა და თურქეთში არცერთი ეკლესიის“ შეპირისპირებას: „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ მსგავს განცხადებებზე არაერთხელ აქვს პასუხი გაცემული:

„ეს ჩვენი თემის თურქეთთან გაუმართლებელი დაკავშირების და ნაცვალგების კიდევ ერთი მაგალითია. რატომ დგას ჩვენი, ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხი თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ? რა ისტორიული ან სამართლებრივი კავშირი არსებობს ამ დაკავშირებაში“? — წერდა „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ 2019 წელს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე პასუხად.

„არავინ მაგას [ჩემს თურქოფობობას] არ დაიჯერებს“ – ლომინაძე

ლომინაძე ამბობს, რომ თურქეთი დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ყველაზე საიმედო პარტნიორია და იმეორებს, რომ ფეისბუკი გაუტეხეს:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თურქეთი არის საქართველოს ყველაზე სტაბილური პარტნიორი. 90-იანების დასაწყისში თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც გადაამზადა ქართველი სამხედროები. დღევანდელი თურქეთი, ჩემი აზრით, ძალიან განსხვავდება იმ ისტორიული თურქეთიდან, რომელიც შეიძლება ჩვენ ყველას გვახსოვდეს ისტორიულად. მე მიმაჩნია, რომ თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ერთადერთი ქვეყანა მთელ სამეზობლოში, რომელთანაც დემარკირებული გვაქვს საზღვარი და სადავო ტერიტორიები არ გვაქვს. დღეს თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. ეს ის ორგანიზაციაა, სადაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ შევიდეთ“.

ლომინაძემ ასევე გვითხრა:

„ახლა რაც უნდა მომაბათ მე, რომ თურქოფობი ვარ, — იმდენი მეგობარი მყავს არასაქმიან სფეროში თურქეთში, იმდენჯერ ვარ იქ ჩასული და ჩამოსული, — არავინ მაგას არ დაიჯერებს. იმდენი მუსლიმი მეგობარი მყავს, ვისთანაც ბევრ დროს ვატარებ, რომ ვერავინ ვერ დაიჯერებს იმას, რომ თქვენ მე რაღაცა მომაბათ“.

ვინ არის მერაბ ლომინაძე

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ახალ აღმასრულებელ დირექტორად მერაბ ლომინაძე 30 მარტს დაინიშნა. ლომინაძე წარსულში ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი იყო.

მერაბ ლომინაძემ ამ პოსტზე შეცვალა ზექი ქოჯაოღლუ, რომელსაც რამდენიმე კვირით ადრე დაპირისპირება მოუვიდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან.

ლომინაძის დანიშვნას წინ უძღოდა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადება, რომლის თანახმადაც, მთავრობის მოთხოვნით, კომპანიასა და მთავრობას შორის შეთანხმების ფარგლებში, ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორი დაინიშნებოდა [ამას კი წინ უძღოდა თურნავას განცხადება პარლამენტში, რომ პროტესტის მონაწილეებში არსებობს „ქსენოფობიური დამოკიდებულება უცხოელი ინვესტორის მიმართ“, რაშიც მთავრობა მათ არ აჰყვებოდა].

„ნამახვანჰესის“ და პროტესტის შესახებ

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები,  მათ შორის EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე ნახევარ წელზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

საქართველოს მთავრობამ, აქციების ფონზე, 9-12 თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა ძირითადი ნაგებობების მშენებლობაზე, რაც არ არის დემონსტრანტებისთვის დამაკმაყოფილებელი.

თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას თქვა, რომ გააკვირვა „ანტითურქულმა ტონმა, თურქოფობიამ და, რაღაც შემთხვევაში, ისლამოფობიურმა პროპაგანდამ“, რაც „ძალიან შემაშფოთებლად“ შეაფასა [„რიონის ხეობის მცველები“ არაერთხელ საჯაროდ გაემიჯნენ აქციებზე გაჟღერებულ თურქოფობიურ განცხადებებს].

12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართულობით მხარეებს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

გირჩევთ, „ნამახვანჰესის“ შესახებ წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ მასალები ამ ბმულზე

ნახეთ ასევე:

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი