ახალი ამბები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

12 ივნისი, 2021 • 1607
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, პირველი შეხვედრა შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით შეხვედრაზე სამ საკითხზე მოხდა შეთანხმება, კერძოდ ჰესის პროექტის რისკებზე, რიონის ხეობაში არსებულ მდგომარეობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.

როგორც ბუშლემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მხარეებმა განიხილეს თუ რა რისკებს შეიცავს პროექტი, როგორ უნდა შეფასდეს ეს რისკები და აღმოიფხვრას ისე, რომ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი არ მიადგეს.

ასევე მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს, რომ რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციისთვის შესაბამისმა უწყებებმა მომავალი კვირისთვის ხეობაში განთავსებული ბარიკადები უნდა აიღონ და გაიყვანონ საპოლიციო ძალები.

“ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობის და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ”, – განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ენერგოუსაფრთხოების ნაწილიც. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ენერგოსაზოგადოების კონტრაქტორია და “აქვს არა მხოლოდ ლეგიტიმური უფლება, რომ იზრუნოს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებაზე, არამედ მოვალეა, რომ ასე მოიქცეს”.

ბუშლეს განცხადებით, ევროკავშირი მთავრობისგან ელის დოკუმენტს, რომელშიც განხილული იქნება ენერგომომარაგების უსაფრთხოების გეგმა მომავალი 10 წლის განმავლობაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ზოგადად ყველასთვის.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმაც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა მედიაციის პროცესის დაწყებას არ ნიშნავს და ეს პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მხარეები დღევანდელი შეთანხმებებს შეასრულებენ.

კერძოდ, გოლეთიანის თქმით, მომავალი პარასკევისთვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ რიონის ხეობაში განთავსებული ბარიკადები და გაიყვანონ საპოლიციო ძალები.

ამასთან, გოლეთიანის თქმით შეხვედრაზე მკაფიოდ დადგა ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილე დაკავებული აქტივისტების საკითხიც, რომლის ფარგლებშიც შეხვედრაზე მყოფ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, რომ უწყებები პროკურატურას მოუწოდებენ ამ ადამიანების გათავისუფლებისკენ.

“ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოტენციურად ის დაკავებები, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ჩვენი თანამებრძოლების იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ ზოგადად ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი დაკავებების ნაწილში უნდა შეწყდეს თუ გვინდა, რომ პროცესმა გადაინაცვლოს მშვიდობიან ფორმატში”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ასევე, გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ პროტესტის მონაწილეთა პირობები მომავალ პარასკევამდე შესრულდება. ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვაც, რაც ხეობაში “ენკას” მხრიდან სამუშაოების შეჩერებას გულისხმობს.

“ჩვენ მათგან ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იქნას აღებული და პოლიცია გაყვანილი, ასევე ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ძირითადად ადგილზე, თუმცა მეორე ნაწილში, რომელიც სამუშაოების შეჩერებას შეეხება ჩვენ პასუხს არ ველოდებით, სამუშაოების შეჩერებას დაველოდებით მეორე ნახევარში”, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების პოზიციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მხარეებმა გადაკვეთის წერტილები იპოვეს.

“ეს იყო პირველი შეხვედრა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ მთავარი, რაც მოხდა არის ის, რომ გამოიკვეთა საკითხები, რომლის გადაწყვეტაც შემდგომ კონსტრუქციულ და დიალოგის რეჟიმში მოგვიწევს. საუბარი იყო დამატებით გარემოს დაცვის და კომერციულ შესწავლებზე, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს, ან აქვს თუ არა საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ბარიკადების აღების და საპოლიციო ძალების გაყვანის საკითხი უნდა დავსვათ, ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო და არა შსს მაგრამ ამ ინფორმაციას ყველა შესაბამის უწყებასთან განვიხილავთ და მე დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ენკას” მუშახელი და ტექნიკა გააგრძელებენ ჯერ-ჯერობით უპრობლემოდ მუშაობას”, – განმარტა თვალაბეიშვილმა.

რაც შეეხება პროტესტის მონაწილე დაკავებულ პირებს, თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო პროკურატურას მათ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა მათი კომპეტენცია აქ ამოიწურება.

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით კი მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ საკითხს მომავალი შეხვედრისთვის დაუბრუნდებიან, თუმცა შეხვედრაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ყველა ლეგიტიმური უფლება გააჩნია იმისთვის, რომ სამუშაოები აწარმოოს, მომავალში ამ საკითხს ნამახვანის პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრებზე დაუბრუნდებიან.

დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა კომპანია “ენკას” წარმომადგენლობა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მედიაციის ხელმძღვანელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ დასაწყისისთვის მოლაპარაკებები სახელმწიფოს და პროტესტის მონაწილეებს შორის უნდა წარმართულიყო, თუმცა “ენკა” შეხვედრის დამკვირვებლად მიიწვიეს. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მუდმივად ეკონტაქტება კომპანიას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს მათთან ერთადაც განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი