სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი შეფერხდება, აპარატი დაწესებულებაში მონიტორინგისთვის შევა.
ჟურნალისტებთან საუბარში ლომჯარიამ განმარტა, რომ დღეს დიდი ზეწოლა მიმდინარეობს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებზე და ისინი სტრესულ გარემოში იმყოფებიან.
„ვინაიდან მათთან მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, ჩვენ არ გვინდოდა, რომ დამატებით შეგვექმნა სტრესული გარემო, ამიტომ თავს ვიკავებდით ვიზიტის განხორციელებისგან. თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის პროცესი, მათი ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი“, – ამბობს ლომჯარია და ამატებს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ახლა აჭარაში იმყოფება. მათი ჩამოსვლის შემდეგ აპარატი შეაფასებს მდგომარეობას და ამის შემდეგ დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს.
დამატებით კითხვაზე, ხომ არ ჰქონია მას კომუნიკაცია პანსიონის აწ უკვე ახალ ხელმძღვანელთან – ეპისკოპოს იაკობთან, ლომჯარია პასუხობს:
„როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვხვდებით დაწესებულების ხელმძღვანელსა ან დირექტორს. შესაბამისად, როდესაც დავგეგმავთ ამ მონიტორინგს, და მე იმედი მაქვს, ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა.. რა თქმა უნდა, გავესაუბრებით მათაც“, – აცხადებს ის.
ის ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მიმართავს ეკლესიას – „რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, როგორც ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ორგანოს, მოგვცენ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, მივიღებთ ამაზე დადებით პასუხს“.
ლომჯარიას ასევე აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ, ბავშვთა მდგომარეობის შესამოწმებლად სახალხო დამცველის ვიზიტი შედგება, ვინაიდან ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები, მათ შორის, რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზაციაში ჩართვა, მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოს მთავრობამ წლების წინ დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად აპირებს, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები დახუროს, ვინაიდან ამგვარი დაწესებულებებში იზრდება ბავშვებზე ძალადობისა და მათი უფლებების დარღვევის რისკი.
„ყველას ინტერესშია, რომ სიტუაციის დამშვიდება მოხდეს. ვინაიდან, თუ ეს არ მოხდა, ამ ბავშვებზე,- როგორც პანსიონში, ასევე ყოფილ ბენეფიციარებზეც,- კვლავ განხორციელდება ზეწოლა, რასაც დღესაც აქვს ადგილი. და მე არაერთი პირი მომმართავს, რომელიც არის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ. ყოფილი ბენეფიციარები, აღსაზრდელები, რომლებზეც მიდის ზეწოლა, ვინაიდან მათ მისცეს ჩვენებები ან სურთ თანამშრომლობა გამოძიებასთან.
2 ახალგაზრდას, მოგეხსენებათ, დაატოვებინეს უნივერსიტეტი, რომელიც საპატრიაქოს დაქვემდებარებაშია, ასევე არიან ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი სურვილით დატოვეს, ვინაიდან მტრული გარემო იყო მათთვის. ამიტომ მე, პირველ რიგში, მინდა, რომ ამ ახალგაზრდებმა თავი იგრძნონ მშვიდად და უსაფრთხოდ, ასევე, ბავშვებისთვის იყოს მშვიდი გარემო პანსიონში და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს“, – ამბობს ლომჯარია.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.
სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.
ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ნახეთ ასევე:
„რა გასაკვირია, რომ უფროსმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს“ – იაკობი