ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დანიშნეს

14 ივნისი, 2021 •
ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დანიშნეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა.

მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე“, – აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტებთან საუბარში ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პანსიონში სიახლეებს გეგმავდა, რომელსაც საბოლოოდ ის შეასრულებს ერთი წლის განმავლობაში.

„ძველად საჭირო იყო ასეთი ტიპის დაწესებულებები [პანსიონები]. როდესაც თავისუფალ საქართველოში მეუფე სპირიდონმა შექმნა ეს და საპატრიარქოს სისტემაში სხვაგანაც შეიქმნა ასეთი დაწესებულებები, მაშინ სახელმწიფოს არ შეეძლო ბავშვებზე ზრუნვა. ოჯახები ვერ ზრუნავდნენ და მრავალი ადამიანი შეიფარეს და მრავალი ადამიანი გადაარჩინეს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

ასეთი დიდი დაწესებულებები იყო ძველად, დღეს მსოფლიო გადადის შედარებით მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულებებზე. ჩვენც ვაპირებთ, მეუფეს ხელი ჰქონდა მოწერილი. ასე რომ, რაღაც სიახლე მხოლოდ ჩემგან არ იქნება და 2013 წლიდან პირდად მე ასეთი ცვლილებების მომხრე ვიყავი. შემდეგ, გარკვეული სიტუაციების შემდეგ ვერ განვახორციელეთ, თუმცა ნახავთ, რომ განვახორციელებთ“, – აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი.

რამდენიმე დღის წინ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ნინოწმინდაში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ თქვა:

„ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, ასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე, ერთმანეთს სცემენ და ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს.

მე წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ ბავშვები, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზოგადად, ადამიანები. და არიან ისეთებიც, მიზეზს რომ ეძებენ. კარგად ვხვდები, რასაც ვამბობ, „მეგრანტეებიც“ ბევრი ვნახე, მათი ადამიანური ფასეულობები ჩემი გადმოსახედიდან… გამართლება არ აქვს. თუ ვინმე დამნაშავეა კანონის შესაბამისად, საეკლესიო თუ საერო კანონის.. ორივე კანონი მიუსადაგოს“, – აცხადებს ის.

„რა გასაკვირია, რომ უფროსმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს“ – იაკობი


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი