ახალი ამბები

20 ივნისს გახარია ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა – კობახიძე

12 იანვარი, 2024 • 1644
20 ივნისს გახარია ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა – კობახიძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას  გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიიას თავმჯდომარემ გახარიას მოღალატე უწოდა და მთავრობაში მისი ყოფნის დროს ჩატარებული სპეცოპერაციები გაიხსენა, რომლებმაც კობახიძის თქმით, გუნდს ზიანი მიაყენა.

ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კობახიძემ 2019 წლის 20 ივნის აქციის ძალადობრივი დაშლა დაასახელა. კობახიძის თქმით, მაშინდელ შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის დაშლისას მითითებს იმჟამინდელი ომბუდსმენისგან, ნინო ლომჯარიასგან იღებდა.

„ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და, შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება“, – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

გარდა 20 ივნისისა, კობახიძეს გახარიასთან სხვა ბრალდებებიც აქვს, მათ შორის კობახიძე ამბობს, რომ:

  • „ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად ბასიანში და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;
  • ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;
  • ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და, შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;
  • ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;
  • ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია ნაცმოძრაობასთან და რატომ ჩაჰყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა“, – წერს კობახიძე.

გახარიას მისამართით ბრალდებების ჩამოთვლის შემდეგ  კობახიძე ამბობს, რომ არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს.

მისი თქმით, ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა.

„მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  ის, რომ „გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია“,  5-სიტყვიანი ანეკდოტია.

„საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით.

გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი“, – აცხადებს კობახიძე.


გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ვერ მიაღწია შეთანხმებას მაშინდელი ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. მისი თქმით, ის არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა ქვეყანაში.

2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გახარიას ამ ნაბიჯს „ღალატი“ უწოდა.

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პასუხად გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. გახარიას თქმით, ივანიშვილმა მისი გადადგომის პირველივე დღიდან ზუსტად იცოდა, „ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა“.

როგორც გახარია ამბობს,  ივანიშვილის მხრიდან მის მისამართით გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი