ახალი ამბები

„რა გასაკვირია, რომ უფროსმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს“ – იაკობი

10 ივნისი, 2021 • 1344
„რა გასაკვირია, რომ უფროსმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს“ – იაკობი

„რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს“, – ეს განცხადება ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის პანსიონზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა.

ეპისკოპოსის განცხადებით, ის „წამორტყმასაც“ არ მიესალმება.

„ცალკეულ ადამიანებს, შეიძლება, ასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ყოფნით ხოლმე, ერთმანეთს სცემენ და ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს.

მე წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ ბავშვები, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზოგადად, ადამიანები. და არიან ისეთებიც, მიზეზს რომ ეძებენ.

კარგად ვხვდები, რასაც ვამბობ, „მეგრანტეებიც“ ბევრი ვნახე, მათი ადამიანური ფასეულობები ჩემი გადმოსახედიდან… გამართლება არ აქვს. თუ ვინმე დამნაშავეა კანონის შესაბამისად, საეკლესიო თუ საერო კანონის.. ორივე კანონი მიუსადაგოს“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, ის, რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა „ყველას სალაპარაკო გახდა“ პიროვნულმა ურთიერთობებმა გამოიწვია.

„რასაც ვუყურებ, „დრაკულაზე“ არ დაგიწერიათ იმდენი, რამდენიც მანდაურობაზე დაიწერა“, – დასძინა მან.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი