ახალი ამბები

ოპოზიცია ნინოწმინდის პანსიონზე

3 ივნისი, 2021 • 857
ოპოზიცია ნინოწმინდის პანსიონზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საზედამხედველო ორგანოების პანსიონში დაშვების უზრუნველყოფას მოითხოვენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიროგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაარტია პატივს სცემს ტრადიციულ ღირებულებებს, თუმცა კანონის უზენაესობის პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება პრინციპულად მიუღებელია:

“ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება

შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება.
დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზედამხედველო ორგანოებს პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე კი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ომბუდსმენის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება მძიმე მუხლებით, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს.

“ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულგრილობა პირდაპირი დანაშაულია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერც გენერალურმა პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს გამოძიების ობიექტურობით ის, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“, — აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ბავშვების უსაფრთხოებაზე ეკისრება სახელმწიფოს:

„იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ეხება ბავშვებს, უნდა ყოფილიყო სასწრაფო განგაშის საფუძველი, განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა სახელმწიფოს. სახელმწიფოს დანაშაულებრივი გულგრილობა პირდაპირ ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ“, – ამბობს დეკანოიძე და ამატებს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ენმ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან აქტიურ მუშაობასა და თანამშრომლობას აპირებს.

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციას აანონსებს. პოლიტიკოსის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აქციები ყოველდღე უნდა იმართებოდეს და თანამოაზრეებს მოუწოდებს, 18:00 საათზე პროკურატურასთან მივიდნენ:

“ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ!
დღეს, 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

საკითხზე განცხადება გაავრცელა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამაც და განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკისრება, რომლის დაქვემდებარებაშიც პანსიონია.

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიჰყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს, მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ სახელწიფო დუმს.

ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ-მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება, გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ, გააღეთ პანსიონის კარი”, – წერს უგულავა.

მსგავსი პოზიცია აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიასაც, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ომბუდსმენის პანსიონში შესვლა. ამასთან, ბოკერია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობას არ აწყობს საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურად:

“საზოგადოებას და ხელისუფლებას, კანონის მეშვეობით, ამ შემთხვევაში კი, სახალხო დამცველის ლეგიტიმური ინსტიტუტის მეშვეობით, აქვს უფლება და მოვალეობა იცოდეს, რომ ბავშვების უფლებები არის დაცული. ეს სახიფათოდ თავხედური ნაბიჯი იმ მესვეურების მხრიდან, ვინც იქ სახალხო დამცველს არ უშვებს, პირდაპირი გამოწვევაა სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ბავშვთა უფლებების მიმართ.

მეორე მხრივ, მთავრობა, რომელიც ასეთ დროს არ იღებს ისეთ ზომებს, რომელიც უნდა მიიღოს იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ აწყობს, რამდენადაც ამ შავრაზმულ განყოფილებებთან თანხვედრაშია მათი მსოფლმხედველობა, რაც დამატებით საგანგაშოა ჩვენი უმძიმესი სტანდარტითაც კი.

ჩვენი ვალია წნეხი მოვახდინოთ ხელისუფლებაზე. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუცია, კანონები და ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. მე ავტომატურად არ ვამბობ, რომ იქ რაიმე ბრალეულობას აქვს ადგილი. ეს დამოკიდებულება, რომ ფეხებზე გვკიდია კანონი, კონსტიტუცია, სამოქალაქო საზოგადოება – ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან და შემდეგ სახალხო დამცველის არშეშვება და მთავრობის მხრიდან უმოქმედობა – საგანგაშო ამბავია”, – ამბობს ბოკერია.

განცხადება გაავრცელა “ლელომაც”. პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გაჩენილმა ბევრმა კრიზისმა და განსაკუთრებით ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ხელისუფლების უუნარობა და ინსტიტუციონალური რღვევა.

პარტიის შეფასებით,  ამას ადასტურებს სახალხო დამცვველის მოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში, ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რამდენიმე საქმეა აღძრული:

“დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა ამ თემაზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ელექტორალური ზიანის შიშით. პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია, რადგან ბავშვების უფლებები ირღვევა და ილახება, როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიის იმიჯი.

როდესაც საზოგადოებაში არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი არსებობს მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში, არ შეიძლება გაგრძელდეს ეს აუხსნელი ჩაკეტილობა, უნდა გაიხსნას პანსიონის კარი, რათა შეკითხვებს გაეცეს პასუხი, იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო თავად გადადგამს ამ ნაბიჯს, შემდგომი პროცესი გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებას მიეცემა ამომწოურავი პასუხი ყველა კითხვაზე,” – აცხადებენ “ლელოში”.

პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დროზე გაატარონ ყველა ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას.


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [2 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი