თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, რომელსაც მის გარემოცვასთან ერთად თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ასევე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საპროცესო გარიგების დასადებად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამის შესახებ პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა დღეს, 8 სექტემბერს განაცხადა და დააზუსტა, რომ პირობები ჯერ შეთანხმებული არ არის.

„სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი 28 სექტემბერს. დღეის მდგომარეობით, დაცვის მხარესთან ნამდვილად მიმდინარებს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. კონკრეტული პირობები არ არის მიღწეული. შედეგებზე რა თქმა უნდა, მოგვიანებით გეცნობებათ. თუ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რა თქმა, უნდა, იგივე სასჯელები იქნება ძალაში დატოვებული,“ — თქვა პროკურორმა ლეკიაშვილმა.

10-წლიანი საპატიმრო სასჯელის პარალელურად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის განაჩენით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა არაერთი უძრავი ქონება, მათ შორის, სახლი ესპანეთში.

შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად ითვლება.

პროკურატურის მტკიცებით, ყოფილმა მინისტრმა და მისმა გარემოცვამ ბაზრის კვლევის გარეშე შეისყიდეს სამედიცინო ინვენტარი ერთ-ერთი კომპანიისგან. მათ სახელმწიფოს მიაყენეს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.

9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მუხლები, რომლითაც ბურჭულაძეს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და შემოსავლების უკანონო ლეგალიზება [სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი და 332-ე მუხლის მეორე ნაწილი].

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ქრთამის აღების ბრალდებაც დაუმატეს, თუმცა საპროცესო შეთანხმება ამ ახალ საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე ფორმდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.