ახალი ამბები

ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

25 მაისი, 2021 • 972
ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაზე, სადაც 50-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, თუმცა იქ შესამოწმებლად სახალხო დამცველს თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ.

„მინდა მთავარ საკითხს გამოვეხმაურო, რომელიც იმსახურებს ყურადღებას და ეს ეხება ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მწვავეა. შექმნილია ვითარება, რომელიც ასე ვერ გაგრძელდება, სამწუხაროდ, და აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნურავინ ეცდება, რომელიმე მხარე წარმოაჩინოს „შავ ფერში“ და რომელიმე „თეთრ ფერში“, ასე სიტუაცია არ უნდა გაიყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა და საამისოდ მეც მინდა მზადყოფნა გამოვხატო“, – ამბობს სარჯველაძე.

მისივე თქმით, ვითარება დაუყოვნებლივ მოითხოვს შეცვლასა და „სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას და საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი“.

„ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და საამისოდ ვართ მზად, რომ ყველაფერი გაკეთდეს. ინფორმაციის ჩაკეტვა, დახურვა ყოველ მხრივ საზიანოა, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისათვის. ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს რეალურად აღმოიფხვრას და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს მოვლენები“, – აცხადებს ის.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. 

გუშინ, 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი