ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს. მისი წერილი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ტელევიზიის ცნობით, ელიზბარაშვილი ამბობს:
„ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.
მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ“
- პირველად პოლიციის მანქანაში, როცა მისი თქმით, ბორკილები იმდენად მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, რომ გონება დაკარგა.
- მეორედ იზოლატორის საკანში, სადაც მისი თქმით, წაიქცა, თავი დაარტყა, დაკარგა გონება და კლინიკაში გადაიყვანეს;
ელიზბარაშვილის საუბრობს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც:
„1 სექტემბერს პოლიციამ დამაპატიმრა, ამიწიოკა ოჯახი, ჩვილი ბავშვი და არასრულწლოვანი შვილები, შემიშინეს, უმოწყალოდ სცემეს ჩემი ადვოკატი ია სირანაშვილი, გაჩხრიკეს და ამოატრიალეს ყველაფერი ჩემს სახლში, შემდეგ 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფი დედის სახლი, დამადეს ბორკილები და ისე მჭიდროდ მომიჭირეს, ტკივილისგან პოლიციის მანქანაში გონება დავკარგე. არც ქალაქის პოლიციის სამმართველოში მომხსნეს ბორკილი, თითქმის 7 საათი მქონდა ხელებზე მოჭერილი და განვიცდიდი საშინელ ტკივილს. ჩემს თხოვნაზე ბორკილები მოეხსნათ უარი მითხრეს.გარდა ამ ტკივილისა პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა ჩემზე, პოლიციის სამმართველოს 7 ან 8 სართულზე, სადაც ოთახში სხვა პოლიციელებთან ერთად ვიჯექი, გვერდით ოთახიდან შემოდიოდა ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა რაც იდენტური იყო ჩემი მეთერთმეტე შვილის, 8 თვის ნიკოლოზის ხმისა. კითხვაზე – რომ აქ რა უნდა ჩემს შვილს-თქო, მითხრეს რომ ის ჩვილი ბავშვი არ იყო ჩემი შვილი. ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა მობილურიდან მომასმენინა ხმა, რომელიც ამბობდა, რომ „ჩხრეკა ჩატარდა თამაზ ელიზბარაშვილის 84 წლის მძიმე ავადმყოფ დედის სახლშიო.“ჩემს ოჯახზე ამ საშინელმა ტერორმა პოლიციის მხრიდან დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი გამოიწვია, რის შედეგადაც იზოლატორის საკანში წავიქეცი, თავი დავარტყი და გონება დავკარგე. გონზე მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი და ისევ უკან იზოლატორში დამაბრუნეს. იზოლატორში ყოფნის 48 საათის ამოწურვამდე 2 საათი იყო დარჩენილი და ამიყვანეს ზედა სართულზე, მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. ოთახიდან გამოსვლისას იქვე დამხვდა სხვა პოლიციელი და მითხრა რომ ახლა დაკავებული ვიყავი სისხლით და დამადო ხელბორკილი, ცოტა ხანში კი ისევ ჩამიყვანეს იზოლატორის კამერაში“, – წერს ელიზბარაშვილი.
„ასევე მოაკლდათ მზრუნველობა და ყურადღება ჩემს 11 შვილს და 4 შვილიშვილს“, – წერს ის.
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.
ფოტო: „უმრავლესობის“ ვიდეოდან.
