ახალი ამბები

პროკურატურის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლით გამოძიებებია დაწყებული — ლომჯარია

2 ივნისი, 2021 • 1638
პროკურატურის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლით გამოძიებებია დაწყებული — ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.

სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში 56 ბავშვი ცხოვრობს.

ლომჯარია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი პრეტენზიები სახალხო დამცველის სახელმწიფო უწყებებთან აქვს, რომლებმაც, მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ვერ უზრუნველყვეს სახალხო დამცველის მონიტორინგი.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს, ლომჯარია განმარტავს:

„ერთ მუშაკზეა საუბარი, ერთი სოციალური მუშაკი არის იქ და მასაც ერთი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ. ჩვენი ჩარევის, ასევე მედიაში გახმაურების შემდეგ, შეუშვეს ეს ადამიანი. და ისიც სრულყოფილად ვერ ახერხებს იქ მუშაობას, არ აქვს წვდომა სრულყოფილად დოკუმენტაციაზე და ის არ ახორციელებს იქ მონიტორინგს იმიტომ, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო ვართ ჩვენს, სპეციალური სპეციალიზაციისა და ექსპერტიზის მქონე პირებთან ერთად.“

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმეს ბოლომდე მიჰყვება და არა მხოლოდ ჩაატარებს მონიტორინგს, არამედ მიაღწევს მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვას. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ბავშვთა უფლებების პრაქტიკით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები ოჯახის ტიპის სახლებში უნდა იზრდებოდნენ და არა — დიდ პანსიონებში.

„მე მაქვს იმის შიში, რომ როდესაც ჩვენ შევალთ მონიტორინგისთვის, – და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, – მაქვს იმის შიში, რომ შესაძლოა გაგვიჭირდეს ბავშვებთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მე არ ვიცი, დღესდღეობით ამ ბავშვებს რას ესაუბრებიან და, დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს ეტყვიან. შეიძლება გარკვეული შიშები ან სტერეოტიპები ჰქონდეთ მათ ჩამოყალიბებული ჩვენთან დაკავშირებით და, დარწმუნებული ვარ, იმუშავებენ იმაზე, რომ არ ისაუბრონ.

ასევე მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულებაში ხელმძღვანელობას აქვს რაიმე დასამალი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ჩვენ არ გვიშვებენ. მათ შორის, სხვა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ დაწესებულებებში ჩვენ გვიშვებენ — ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან საუბარში შეგვიშალეს ხელი და შემდეგ საერთოდ დაგვიკეტეს კარი“ ,— ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, მზადდება სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც შემდგომ სასამართლოში წარადგენენ.

„ჩვენ დამატებით ვსწავლობთ, ზოგადად, ამ პანსიონის გარშემო და იქ მიმდინარე მოვლენებს. იქ ჩვენ არ გვიშვებენ, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ვცდილობთ ინფორმაციით მოპოვებას. მე შემიძლია მაგალითად გითხრათ, რომ იგივე პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, არაერთი საქმე არის აღძრული ბოლო წლებში და დაწყებული გამოძიება ძალადობის მუხლებით, სავარაუდოდ, პანსიონის ბენეფიციარების მიმართ.

ჩვენ ვაზუსტებთ დეტალებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ძალადობა და ა.შ. უფრო მძიმე მუხლებითაც არის დაწყებული საქმეები და უბრალოდ, მეტ დეტალს ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ სამართალდამცავი უწყებებიდან გამოვითხოვთ დამატებით ინფორმაცია  იმიტომ, რომ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს იქ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სინამდვილეში, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, იქ ყველაფერი კარგად არ არის”,  — ამბობს ლომჯარია.

როგორც სახალხო დამცველი ამბობს, მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ძალადობასთან დაკავშირებით თავშესაფრის ყოფილმა ბენეფიციარმა დაწესებულების დატოვების შემეგ მიმართა.

“ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ იქ მყოფ ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ ფაქტების თაობაზე ხმა ვინმეს მიაწვდინონ — არ უშვებენ სახალხო დამცველს, იქ მუდმივად დაჰყვებიან აღმზრდელები. როგორც იცით, სკოლის პერიოდშიც კი, ისინი არიან სრულიად იზოლირებული გარე სამყაროსგან და არის შემთხვევები, როდესაც ისინი ტოვებენ დაწესებულებას, შემდეგ ცდილობენ სამართალდამცავებთან თუ სახალხო დამცველთან კომუნიკაციას“, — აცხადებს ნინო ლომჯარია „მთავარ არხთან“.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 56 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [2 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი