ახალი ამბები

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 5 დაკავებულის სასამართლო გადაიდო

24 იანვარი, 2024 •
გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 5 დაკავებულის სასამართლო გადაიდო

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულების ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა დაუდასტურა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის თქმით, სამი მათგანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 24 იანვარს გამოაცხადებს, ორი პირის ადმინისტრაციულ საქმეზე კი გადაწყვეტილება 26 იანვარს გამოცხადდება. ადვოკატის თქმით, ხუთივე დაკავებული, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს გაიმართა, ამ დროისთვის თავისუფლები არიან, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

დღეს 23 იანვარს, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ, ჯამში, 18 მოქალაქე დააკავა, რომელთა ნაწილთან დაკავშირებას ადვოკატები, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების საქმეზე შსს-მ ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

როგორც მოძრაობა „ხმა“ აცხადებს, სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე საქმეზე დაკავებულები არიან მათი აქტივისტები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.

აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი