ახალი ამბებისამართალი

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

25 მაისი, 2021 • 3999
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო 4-მა მსურველმა კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, შესაბამისად, პროცესი დაჩქარდა და გადავიდა შეფასების ეტაპზე, რომელშიც ის მონაწილეობას არ მიიღებს.

“არ ვეთანხმები საბჭოს გადაწყვეტილებას, ფორსირებულად წარმართოს პროცესი. სამწუხაროდ, პარლამენტმაც არაფერი გააკეთა… მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესში, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის პერსპექტივას”, — განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვს, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე, მოსამართლეთა კონფერენციამ არ აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები.

“იმ პროცესებით, რაც საბჭოში ხდება, მე არ მაქვს იმედი, რომ ან მოსამართლეთა შერჩევა შეჩერდება, ან მოსამართლეთა კონფერენცია”, — აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დეკემბრიდან მოყოლებული მართავს გასაუბრებებს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან.

ამავდროულად, ივნისის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს — ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს —  უფლებამოსილების ვადა ეწურება. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი. არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ მე-19 რიგგარეშე კონფერენცია, ასევე, პარლამენტს მიმართავენ, დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი, შარლ მიშელის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას.

ეს მოთხოვნა გაიზიარეს დიპლომატებმაც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და “ევროპის საბჭოს” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა კახა კუჭავას ახსენებენ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და ხაზს უსვამენ პასუხისმგებლობას, რომელიც პროცესში ჩართულმა მხარეებმა აიღეს მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების კუთხით. წერილში რეფორმა განხილულია, როგორც ევროკავშირის ფინანსური დახმარების წინაპირობა.

ჰარცელის, დეგნანისა და ვუტოვას თქმით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შეიძლება შენარჩუნდეს იმ შემთხვევაში, თუ “[ხსენებული] ცვლილებები მიღებული იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომელიმე ახალი წევრის დანიშვნამდე და მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს [მოსამართლეობის] კანდიდატურათა კენჭისყრის დაწყებამდე”.

“მართლაც, დანიშვნების ორივე პროცესის დაუყოვნებლივი პაუზა იქნება ნამდვილი ერთგულების დემონსტრირება მეტი გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაზრდის საქმის მიმართ”, — ნათქვამია დიპლომატების წერილში.

თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი