იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა.
კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ, რომლებსაც ივნისის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.
ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ პროცედურა, როგორც წესი, ფორმალურია:
“როგორც წესი, კანდიდატების წარდგენისას არის სრულიად ფორმალური პროცესი. ასახელებენ მხოლოდ იმას, ვისზეც წინასწარ არიან შეთანხმებული. სრულიად დარწმუნებული ვარ, ჩინჩალაძის კლანი კალკულატორით ზის და უთანხმდებიან მოსამართლეთა კორპუსს, ვინ აირჩიონ.
ჩემი პროგნოზი ასეთია: სავარაუდოდ, აქცენტს გააკეთებენ შედარებით ცივილიზებულ “მეთოფიშვილებზე”. არა ასეთ ოდიოზურ ფიგურებზე, არამედ იგივე პოლიტიკის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც უბრალოდ ცივილიზებული, შედარებით ვითომ თანამედროვე მიდგომებით გამოგვეცხადებიან, შინაარსი კი იგივე იქნება”, — ამბობს ჯანეზაშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლის დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მაღალი ლეგიტიმაციით, კერძოდ, მას მოსამართლის დასანიშნად სჭირდება 10 ხმა.
თუმცა, ჯანეზაშვილის თქმით, 10 ხმიდან 9, როგორც წესი, საბჭოში გარანტირებულია, ამას კი ემატება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრის 1 ხმაც, რომელიც, ჯანეზაშვილის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფის პოლიტიკას ახორციელებს.
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც პროცესის დროებით შეჩერებას შეეხება. თუმცა გამოსავალს მასშტაბურ საკონსტიტუციო რეფორმაში ხედავს, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა არამოსამართლე წევრებს ექნებათ:
“ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან იმიტომ, რომ არც არაფერი გაკეთებულა ჯერჯერობით პარლამენტისგან. გამოჩნდა, რომ ამის ინტერესი “ქართულ ოცნებასაც” არ აქვს და პირიქით, ჩიხშიც კია შესული ქვეყანა კლანის მოქმედებებიდან გამომდინარე.
ნებისმიერი ინიციატივა, თუ რაიმე იქნება, დროებით მაინც პროცესი შეყოვნდეს და განვითარდეს დადებითი პროცესები სასამართლოში, ამის მხარდამჭერი ვიქნები. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის დიდ საკონსტიტუციო ცვლილებებში. საქართველოში ისეთი მოდელი, როგორიც გვაქვს, საბჭოში არ მუშაობს და აუცილებელია, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობაში მოვიდნენ კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები და მოსამართლე წევრები იყვნენ, მაგრამ უმცირესობაში. მათ ეს უმრავლესობა გამოიყენეს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის შპს-დ აქციეს” ,— ამბობს ჯანეზაშვილი.
პროცესის შეჩერებას უჭერენ მხარს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშივლი აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა:
“ეს, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ ამ რეფორმას აქვს პოტენციალი, კლანს შეუქმნას პრობლემები და ამიტომ ცდილოებნ წინასწარ თავი დაიზღვიონ, მაგრამ, მეორემ მხრივ, ეს იქნება ტესტი პარლამენტისთვის. მე ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტის შესაბამის სისტემაში ჩავუშვი კანონპროექტი, რომელიც უნდა განიხილოს ბიურომ. მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მქონდა რა ინფორმაცია ასეთი მიზნების შესახებ”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მსგავსი პოზიცია აქვთ “სტრატეგია აღმაშენებელშიც”. გიორგი ვაშაძე კონფერენციის დანიშვნას სწორედ იმ მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირებს, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:
“ეს არის კიდევ ერთი მზაკვრული მცდელობა “ქართული ოცნების” და მასთან დაკავშირებული სასამართლო კლანის მხრიდან, მოასწრონ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება, რადგანაც იციან, რომ მოუწევთ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება. ამიტომ, მე მოვუწოდებ, პირველ რიგში, მათ ამ თაღლითობას შეეშვან”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
მოგვიანებით ამ თემაზე განცხადება გაავრცელა “რესპუბლიკურმა პარტიამაც”.
მათი თქმით, 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, განახორციელონ სასამართლო რეფორმა.
პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ შეთანხმების დოკუმენტში ნათლად წერია, რომ უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული:
“დღეს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე, მოულოდნელ კონფერენციას ნიშნავს 26 მაისს და აპირებს 4 მოსამართლე წევრის ერთ დღეში არჩევას, რაც თავისთავად გულისხმობს სასამართლოში არსებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერების გეგმას.
საბჭოს სურს, თავისი “მხარდამჭერები” და მათივე ინტერესების შეუპასუხებლად გამტარებელი ადამიანები შემოიკრიბოს და არ ელოდება პარლამენტის მიერ რეფორმაზე მუშაობის დაწყებას. რა თქმა უნდა, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩქარობს, დაასწროს რეფორმის განხორციელებას და განამტკიცოს თავისი გავლენები. ნათელია, რომ კლანი ვერ იცდის და არ სურს, საბჭოს წევრების არჩევა იყოს ღია და გამჭვირვალე”, – აცხადებენ “რესპუბლიკურ პარტიაში”.
მათი თქმით, ეს ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას” სასამართლო სისტემაში მათი გავლენების გასაძლიერებლად -მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის დახმარებით:
“აუცილებელია შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია სასამართლო რეფორმის ნაწილშიც, საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი უნდა მეტყველებდეს სასამართლო დამოუკიდებლობაზე და ნდობას აჩენდეს სასამართლო სისტემის მიმართ” ,- ამბობენ პარტიაში.