საზოგადოება

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

16 თებერვალი, 2024 • 2233
როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა  2024-ის არჩევნებზე

Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს.

თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა და რა შეიძლება შეცვალოს ამან? ამის შესახებ ნეტგაზეთი თავად ემიგრანტებსაც ესაუბრა.

ვინ და რატომ ითხოვს საარჩევნო უბნების გახსნას

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსენება.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

ასეთ ემიგრენტებს შორისაა ირინა ყარანგოზიშვილი, რომელიც თითქმის 10 წელია აშშ-შია, თუმცა იმის გამო, რომ ამერიკაში გახსნილ საარჩევნო უბნებთან ახლოს არასდროს ცხოვრობდა, ამ წლების განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

ის ამჟამად ფლორიდის შტატში, მაიამიში ცხოვრობს, სადაც საქართველოს საკონსულო არაა, შესაბამისად, არც საარჩევნო უბანი იხსნება. იმისათვის, რომ არჩევნებში ხმა მისცეს, ირინა სხვა შტატში უნდა წავიდეს, რომელიც მისგან ათასზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული.
ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობაში ემიგრანტისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა თავგანწირვასავითაა.

„წარმოიდგინეთ, ქართველებს ხმის მისაცემად საქართველოდან გაფრენა რომ სჭირდებოდეთ, მაგალითად, ბულგარეთში ან რუმინეთში და მერე უკან დაბრუნდნენ. ასეთი ბარიერები გვაქვს.

მაიამიდან ყველაზე ახლო ადგილი, სადაც შემიძლია ხმა მივცე, ვაშინგტონში გახსნილი უბანია, რომელიც ჩემგან 1695 კილომეტრითაა დაშორებული. მხოლოდ ფრენა ღირს დაახლოებით 165 დოლარი. ხომ ვერ შეძლებ დილით გაფრინდე, ხმა მისცე და საღამოს უცებ უკან გამოფრინდე, გჭირდება, რომ სადმე დარჩე. ასევე, თუ დასვენების დღეს აიღებ და ვერ იმუშავებ ე.ი. შემოსავალსაც კარგავ. ზოგიერთ ადამიანს ისეთი სამსახური აქვს, ასე, უბრალოდ, დასვენების დღესაც ვერ აიღებს. ბევრს დასვენებისთვის 1 ან 2 დღის აღებაც კი უჭირს“, – ეუბნება ნეტგაზეთს ირინა ყარანგოზიშვილი.

Მსგავსი ბარიერები აქვთ ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც. Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, გვიყვება, რომ ემიგრანტები, რომლებიც საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, ხმის მისაცემად სხვა ქალაქში წასვლას საკუთარი სახსრებით თავად უწევენ ორგანიზებას.

თუმცა, მისი თქმით, სურვილის მიუხედავად, ბევრ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უბნამდე მისასვლელი დრო და საშუალება არ აქვს.

„[საარჩევნო უბნამდე მისასვლელად] ზოგჯერ მანქანა დავიქირავეთ, ზოგჯერ – მიკროავტობუსი. Ბევრს უნდოდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვერ წამოვიდნენ.

Სადაც ახლა მე ვარ, სან-ჯიმიანოში, აქედან რომამდე გზას (სადაც საარჩევნო უბანია) 4 საათამდე სჭირდება. Პირადად ჩემთვის და რამდენიმე ქართველისთვის შეიძლება, არ იყოს პრობლემა ხმის მისაცამედ თუნდაც რომში წასვლა, მაგრამ ბევრისთვის არის.

Მარტო თანხაზეც არაა საუბარი, დროზეცაა. 24-საათიან რეჟიმში რომ მუშაობს ადამიანი, იმას არ აქვს საშუალება, ადგეს და რომში წავიდეს. ფაქტობრივად, მთელი დღე გიწევს გზაში ყოფნა. ოჯახებს არჩენენ აქედან ადამიანები, კაპიკს კაპიკზე აწებებენ. მაგალითად, ფლორენციაში ჩასასვლელად შეიძლება კიდევ რაღაც მოიკლოს, მაგრამ რომი შორსაა. აქედან რომში წასასვლელად, მინიმუმ, 100 ევრო უნდა დახარჯო“, – ეუბნება ნეტგაზეთს Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანი.

ამიტომ, ირინა ყარანგოზიშვილიც და Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანიც იმ ემიგრანტებს შორის არიან, რომლებიც საზღავრგარეთ, მათ საცხოვრებელ ქალაქთან ახლოს, საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.

ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო არ არსებობს, ითხოვენ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ამისათვის მათ პროექტი – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ – წამოიწყეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ემიგრანტთა ხელმოწერებს აგროვებენ.

Როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, ხელმოწერების შეგროვება 65-ზე მეტ ქალაქშია დაწყებული, ხოლო 15-მდე ქალაქიდან უბნის გახსნაზე ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაზეც უწყებისგან არანაირი პასუხი არაა.

ვის და Როგორ შეუძლია საზღვარგარეთ ხმის მიცემა

Საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 3 კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც:

  1. დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
  2. რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
  3. არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.

Რაც შეეხება საარჩევნო უბნების გახსნას, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.

კერძოდ, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.

„რაც წერია კანონში, არ ნიშნავს, რომ რეალურ მასშტაბში აღსრულდება“

როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, ის, რაც კანონში წერია, არ ნიშნავს, რომ რეალურ მასშტაბში აღსურლდება.

ის ნეტგაზეთთან საუბარში კანონმდებლობაში არსებულ იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას არ უმარტივებს.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემად გიორგი სიორიძე კანონის იმ ჩანაწერს ასახელებს, რომელიც სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რეგისტრაციას შეეხება.

Მისი თქმით, ადამიანებს რეგისტრაციის გავლის ვადა აქვთ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა, ანუ იმ დროს, როცა უკვე უბანი შექმნილია.

Როგორც გიორგი სიორიძე ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დამოკიდებული არიან იმაზე, საერთოდ არის თუ არა გახსნილი საარჩევნო უბანი.

„თეორიულად Შეიძლება ისე მოხდეს, რომ 3000 ადამიანი იყოს დარეგისტრირების მსურველი, მაგრამ იქ უბანი საერთოდ არ იყოს შექმნილი. Მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისას ათენში 3 უბანი იყო გახსნილი ერთ მისამართზე. ეს იყო ხელოვნურად გაკეთებული, რადგან დიდი იყო ამომრჩევლების რაოდენობა, მაგრამ უბნები მხოლოდ ერთ მისამართზე გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი პრობლემები, რაც აქვთ ემიგრანტებს, გადაწყვეტილი არაა“, – ამბობს გიორგი სიორიძე.

გარდა ამისა, გიორგი სიორიძის თქმით, ცესკოსთვის კანონისმიერ ვალდებულებას არც საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ ჩანაწერი წარმოშობს და, შესაბამისად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელმოწერის საფუძველზე უბანი მოითხოვოს.

„ასეთი პროცედურა კანონმდებლობაში არ წერია. კანონში აღნიშნულია, რომ თუ შესაბამისი ამომრჩევლების რაოდენობა მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 3 ათასია, შეიძლება უბანი შეიქმნაო. მეტს არაფერს არ გვეუბნება კანონმდებლობა“, – აცხადებს გიორგი სიორიძე.

მიუხედავად ამისა, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა კანონი ამ ჩანაწერს ითვალისწინებს და ამასთან, არსებობს ხელმოწერები, რაც სხვა სახელმწიფოში კონრეტულ ადგილას უფლებამოსილ ამომრჩეველთა რაოდენობის გაგების საშუალებას იძლევა, უბანი ყველგან უნდა გაიხსნას, სადაც შესაძლებელია.

თუმცა, მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, თავისი პასუხისმგებლობა მხოლოდ მინიმალურად შემოიფარგლოს და ხელი საგარეო საქმეთა სამინიტროსკენ გაიშვიროს, რომელიც ასევე მნიშნელოვანი რგოლია.

თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ თუ შესაბამისი სამართლებრივი მოცემულობა იქნება, იმდენი უბანი შეიქმნება, რამდენის საკანონმდებლო ვალდებულებაც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება.

ერთ-ერთ ასეთ სამართლებრივ მოცემულობას ცესკოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს. როგორც გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, საარჩევნო ადმინისტრაციას საგარეო უწყება ინფორმაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აღრიცხული ამომრჩევლების რაოდენობაზე აწვდის და არა მათ საცხოვრებელ ადგილზე.

შესაბამისად, სხვა ქვეყანაში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის უბნები სწორედ იმ მისამართზე იხსნება, სადაც საკონსულო აღრიცხვას გადიან.

მაგალითად, თუ ირინა ყარანგოზიშვილი საკონსულო აღრიცხვას ნიუ-იორკში არსებულ საქართველოს საკონსულოში გაივლის, ის ამომრჩევლთა სიაში სწორედ ამ საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბანზე აღმოჩნდება.

„თუ მე ჩავფრინდი ნიუ იორკში და იქ საკონსულო აღრიცხვაზე დავდექი, მაშინ ჩაითვლება, რომ მე ვარ ნიუ იორკში ხმის მიმცემი და არა მაიამიში, არადა, მე უბნის გახსნა მაიმაში მჭირდება… რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ საკონსულო აღრიცხვა, მაგრამ თუ ჩვენს ქალაქში საკონსულო არ არის, მაშინ როგორ ვიქცევით, მაგ კითხვაზე პასუხი არავისგან გაგვიგია. კანონსა და აღსრულებას შორის არის რაღაც სივრცე, რომელზე პასუხისმგებლობის აღება ჯერჯერობით არავის არ უნდა“, – ამბობს ირინა ყარანგოზიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით კი, დიპლომატიური მისიების მოწესრიგების საკითხი მის ინტერესსა და კომპეტენციაში არ შედის.

„საკონსულოს გახსნის საკითხები არ განეკუთვნება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. დიპლომატიური მისიების მოწესრიგების საკითხი არც ჩემს ინტერესშია და არც სურვილი მაქვს, რომ ვინმეს კომპეტენციაში შევიჭრა.

იმისთვის, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე უბანი გაიხსნას, აუცილებელია შესაბამის დიპლომატიურ მისიაში რეგისტრაციის არსებობა. თუ ასეთი წარმომადგენლობა იარსებებს სხვა ქვეყნის კონკრეტულ ქალაქში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების ისეთი რაოდენობა იქნება, რომელიც საარჩევნო უბნის გახსნის საფუძველი არის, რა თქმა უნდა, იქ უბანი გაიხსნება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის გადაცემაში სტუმრობისას.

ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით უნდა გახსნას, რათა შემდეგ მიეცეს ცესკოს იქ საარჩევნო უბნის გახსნის საშუალება.

„ყველა ქვეყნის ყველა ქალაქი და რეგიონი ვერ დაიფარება“

Მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის გასამარტივებლად პროექტი „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ წამოიწყეს, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად საუბრობს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც.

გასულ კვირას პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას ამაზე კითხვა ახალ პრემიერს ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაუსვეს. Მთავრობის ახალმა მეთაურმა ოპოზიციის კითხვები პოლიტიკურ ქულებზე გათვლილ Სპეკულაციებად შეაფასა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საელჩოებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არჩევნების ჩატარება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა. იქვე დასძინა, რომ „ყველა ქვეყნის ყველა ქალაქი და რეგიონი ვერ დაიფარება“.

„არჩევნებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვერ ჩაატარებ. იქიდან გამომდინარე, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა განეკუთვნება სახელმწიფოს ტერიტორიას, საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ შესაბამის შენობებში და ამ პრინციპით გრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კი განაცხადა, რომ ერთჯერადად საკონსულოების გახსნა დაუშვებელია. Მისი თქმით, ეს ჰიპოთეტურადაც რომ დაუშვან, ასეთი საკონსულოების რიცხვი „ასტრონომიულად დიდი იქნება და საქართველოს მთელი ბიუჯეტიც რომ მიმართონ, მათი ოპერირება შეუძლებელი იქნება“.

„Ძნელია ზუსტად თქმა, რამდენი ჩვენი თანამემამულეა [უცხოეთში], მით უმეტეს, აღრიცხვა. თუმცა, ჩვენი გათვლებით, ეს რიცხვი 2 მილიონამდე ადამიანს აღწევს… Სამწუხაროდ, მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, სადაც გამორიცხულია დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა…

თითოეული საკონსულოს გახსნა 400-500 ათასს ევროს საჭიროებს. Ბუნებრივია, ეს წინასწარ უნდა იქნას გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დაამატა, რომ საკონსულოების გახსნას ადგილსამყოფელი ქვეყნის ნებართვაც სჭირდება, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ამიტომ ბექა ოდიშარიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეახსენა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემთხვევაში ექნებათ.

Მოლდოვის გამოცდილება

არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას ოპოზიცია ხშირად მოლდოვის მაგალითს ახსენებს, რომელსაც საქართველოს მსგავსად საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე ჰყავს და აქ უცხოეთიდან მიღებული ხმების წილი განსაკუთრებულად მაღალია.

2020 წელს Მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მისაცემად რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი (262 ათასი) მივიდა. Მაშინ მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ 36 ქვეყანაში 139 საარჩევნო უბანი გახსნა. Საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული კურსის პოლიტიკოსმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. Მან არჩევნების მეორე ტურში, ჯამში, 943 006 ხმა მიიღო, საიდანაც 243 605 ხმა (სულ მიღებული ხმების 25.8%) სწორედ უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოდიოდა.

ემიგრანტებმა დიდი როლი ითამაშეს მოლდოვაში 2021 წელს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც. Მართალია, აქ, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო ნაკლებმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათი რიცხვი მაინც მაღალი იყო – 212 ათასი.

საპარლამენტო არჩევნებისთვის მოლდოვის საზღვრებს გარეთ 36 ქვეყანაში 150 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. Მათ შორის ზოგიერთ სახელმწიფოში გახსნილი იყო ათეულობით საარჩევნო უბანი არა მხოლოდ მოლდოვის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, არამედ სხვადასხვა მისამართზე. Მაგალითად, იტალიაში მოლდოვის მოქალაქეებისთვის 27 ქალაქში 31 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, მამუკა ჟღენტის განცხადებით, პოლიტიკური ფაქტორების გარდა, მოლდოვის არჩევნებში ემიგრანტთა მაღალი ჩართულობის მიზეზი სწორედ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების სიმრავლეა.

„საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვის მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრ ადგილას იხსნება საარჩევნო უბანი. ფაქტობრივად, ყველგან, სადაც მოლდოვას საელჩო ან საკონსულო გააჩნია. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ქალაქებში, სადაც მოლდოვის მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციაა, დამატებით იხსნება საარჩევნო უბნები და არ არის საჭირო, რომ იქ საელჩო ან საკონსულო იყოს. შესაბამისი შეთანხმება ფორმდება ადგილსამყოფელ ქვეყანასთან.

მაგალითად, ესპანეთში მოლდოვის საელჩო არის მადრიდში და საკონსულო ბარსელონაშია, მაგრამ ესპანეთის 5 ქალაქში იხსნება საარჩევნო უბანი. Მსგავსადაა იტალიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში, გერმანიაში, აშშ-ში და ა.შ.“, – ამბობს ნეტგაზეთთან მამუკა ჟღენტი.

ამასთან, მამუკა ჟღენტი აღნიშნავს, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომის ინსტიტუტი არათუ მოძველებული, არამედ ანაქრონიზმია.

„არ გვაქვს იმდენი საელჩო, რამდენი მოსახლეობაც არის საზღვარგარეთ. უბნის გახსნა არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. უბრალოდ, კომისიებია დასაკომპლექტებელი იმ ქალაქებში, სადაც ვიცით, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა დიდია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ საელჩო ან საკონსულო. როგორც ეს მოლდოვის მაგალითზე მუშაობს და ქმედითია, ჩვენც შეგვიძლია სხვადასხვა ქალაქში გავხსნათ უბანი“, – ამბობს მამუკა ჟღენტი.

Მისი თქმით, თუ საქართველო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მათ თავიანთი კონსტიტუციური უფლების გამოყენება შეეძლოთ.

„საინტერესოა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე სწორედ ის ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, მაშინ ითხოვდა ხელისუფლებისგან დამატებითი უბნების გახსნას საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაივიწყეს. შესაბამისად, რაც მეტი უბანი იქნება და საქართველოს მეტ მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ეს წაადგება დემოკრატიულ პროცესებს“, – ამბობს მამუკა ჟღენტი.

Რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ არჩევნებზე ემიგრანტთა ხმებს

ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. ბოლო წლებში საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია: 2018 წელს საქართველო 98 935-მა ადამიანმა დატოვა, 2019 წელს — 105 107-მა, 2020 წელს — 74 264-მა, 2021 წელს — 99 974-მა, ხოლო 2022 წელს — 125 269-მა. მხოლოდ გასულ წელს ემიგრანტებმა საქართველოში 4.1 მილიარდი დოლარი Გადმორიცხეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს მხოლოდ 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზეა, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა, კანადა) მოწვეული მკვლევარ-პროფესორის, დავით სიჭინავას შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ემიგრანტთა რიცხვი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ არჩევნების რაიმე სახის გავლენა მოახდინოს.

„Საერთო რაოდენობას თუ შევხედავთ, 66 ათასი ამომრჩეველი არის საშუალო ზომის საარჩევნო ოლქი საქართველოს ტერიტორიაზე.

Წინა საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 57%-იანი აქტივობა იყო. თუ უცხოეთში რეგისტრირებული [66 ათასი] ამომრჩევლის 57% მივა, ეს გამოდის 38 ათასი ხმა. ეს არის საერთო პროცენტული წილის დაახლოებით 2%, რაც მთლად ცუდი მაჩვენებილი არ არის. ეს შეიძლება, ზოგიერთი პარტიისთვის იყოს გადამწყეტი, მოხვდება თუ არა პარლამენტში“, – ამბობს ნეტგაზეთთან დავით სიჭინავა.

Მისი თქმით, იმისათვის, რომ ემიგრანტთა ხმებს არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია ყველა მათგანის აკურატულად რეგისტრაცია.

„არარეალისტურია უცხოეთში რეგისტრირებული 66 ათასი ადამიანი, უფრო მეტი უნდა იყოს, ოღონდ იმ ადამიანებს მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, რომ წავიდნენ და ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ და ლოჯისტიკურად ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვვაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ეფექტიც ექნება“, – ამბობს დავით სიჭინავა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციური პარტიები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ისაა, რომ ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემიგრანტები ელექტორალურად ოპოზიციურად არიან განწყობილი.

კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის გარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 45,57% „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი — 29.03%. ეს იმ ფონზე, როცა მთლიანად, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ 48.22% მიიღო, ენმ-მ კი – 27.18%.

თუმცა, დავით სიჭინავას თქმით, მაშინ, როცა არ არსებობს არც შესაბამისი კვლევები, რომლებიც ემიგრანტთა განწყობას შეისწავლიდა, მხოლოდ წინა არჩევნების შედეგები იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ ემიგრანტების მაღალი ჩართულობა აუცილებლად ოპოზიციის ხმებში გადაითარგმნება.

„Ჩვენ არ ვიცით, ვინც არჩევნებზე არ დადის, ან არჩევნებისთვის არ რეგისტრირდება, ის რა ხალხია. ჩვენ არ ვიცით, ვინც დარეგისტრირდა არჩევნებზე, მაგრამ არ წავიდა, ის რა ხალხია, ვიცით, რომ უცხოეთში არჩევნებზე რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი (18%) დადის.

ამიტომ ეს დაშვება გამომდინარეობს მხოლოდ 12 ათასი ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმით. ეს არის აუთვისებელი ტერიტორია როგორც მთავრობისთვის, ისე ოპოზიციისთვის“, – ამბობს დავით სიჭინავა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი