ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას ვნახავთ — მენაბდე

21 მაისი, 2021 • 1010
საპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას ვნახავთ — მენაბდე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, ვახუშტი მენაბდის აზრით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

“გამოჩნდება, სასამართლოში ვინ რისთვის იბრძვის მათგან.  ხელისუფლება რისთვისაც იბრძვის, ვიცით”, — აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ივნისის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს — ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს-  უფლებამოსილების ვადა ეწურება. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი.

იმ ვითარებაში, როდესაც თითო წევრის დანიშვნას 90 ხმა სჭირდება, “ქართული ოცნება” კი 84 მანდატს აკონტროლებს, ვახუშტი მენაბდის ვარაუდით, ხელისუფლება ცალ-ცალ ცალკე დაელაპარაკება პოლიტიკურ ჯგუფებს და ამ 5 წევრის გაყოფას შესთავაზებს (“3 — ჩემი, 2 — შენი ან პირიქით).

“ერთი შეხედვით თითქოს ხელსაყრელი გარიგებაა პატარა ოპოზიციური ჯგუფებისთვის — საბჭოში 1-2 წევრი ეყოლებათ, მაგრამ ეს გარიგება მოსპობს იმ შანსს, რომელიც ახლა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მოჩანს. ეს შანსი გულისხმობს საბჭოს 1/3-ის დამოუკიდებელი და სასამართლო სისტემაზე მოფიქრალი ადამიანებით დაკომპლექტებას, რაც დიდი დარტყმა იქნება კლანური მმართველობისთვის და ხელს შეუწყობს მის რღვევას”, — მიიჩნევს ვახუშტი მენაბდე.

მენაბდის თქმით, ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ უნდა წავიდეს გარიგებაზე.

“ყველაზე სწორი პასუხი ხელისუფლების ასეთ შემოთავაზებაზე იქნებოდა: საბჭოში არცერთი ისეთი წევრი არ უნდა შევიდეს, რომელიც ვინმეს, თუნდაც ოპოზიციის კონტროლს ექვემდებარება. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ვაკანსიების განაწილებაზე, არამედ კონსენსუსზე ამ 5 წევრის მიმართ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა ეძიონ კონსენსუსუსუნარიანი კანდიდატები, ვისაც სასამართლო სისტემას ჩააბარებენ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ბედის განსაზღვრა (ამ მიმართულებით) მხოლოდ ხელისუფლების ხელში არ არის და ის ასევე ნაწილდება ოპოზიციურ ძალებზეც. ასეთია ძალაუფლების გაზიარების შედეგები”, — მიიჩნევს ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლების პროცესი, ამავდროულად, ირიბი გამოცდაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტისთვისაც და აჩვენებს, რამდენად მდგრადია მოლაპარაკებასა და შეთანხმებაზე პოლიტიკური ძალების სწრაფვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დიდ ნაწილს წელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. არამოსამართლე წევრებისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია ნიშნავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი