ახალი ამბები

ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის რიცხვი იზრდება — ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

19 მაისი, 2021 • 2233
ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის რიცხვი იზრდება — ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა. სარაკეტო თავდასხმები და საჰაერო დარტყმები ოთხშაბათს, დილის საათებშიც გაგრძელდა. პარალელურად, 18 მაისს მასობრივი გაფიცვა იყო ისრაელის ქალაქებსა და დასავლეთ სანაპიროზე, რასაც, ზოგ შემთხვევაში, თან სდევდა შეტაკებები.

კონფლიქტი 10 მაისს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან.

ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები. დაპირისპირებას მინიმუმ 215 პალესტინელი შეეწირა. ღაზის ოფიციალურ პირთა ცნობით, მათ შორის 63 ბავშვია. მსხვერპლის რიცხვი 12-ს შეადგენს ისრაელში, რომელთა შორისაა ორი ბავშვი.

რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

BBC-ის ცნობით, ქალაქ ღაზის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაზე ოთხშაბათს მიტანილი იერიშის შედეგად ისრაელის ძალებმა ორი პალესტინელი შეიარაღებული მოკლეს.

გასულ ღამეს სირენების ხმა ისმოდა სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების პარალელურად.

ამავე პერიოდში ისრაელმა ღაზაზე არაერთი საჰაერო შეტევა განახორციელა. დარტყმების დიდი ნაწილი ქალაქ ხან იუნისზე მიიტანეს, რომელიც სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

ერთი დღით ადრე, 18 მაისს, ისრაელმა ღაზაში დაბომბა მორიგი, 6-სართულიანი შენობა, რომელშიც საგანმანათლებლო ცენტრები იყო განთავსებული. AP-ის თანახმად, ცენტრებს ისლამური უნივერსიტეტი იყენებდა. შეტევამდე ისრაელმა შიგნით მყოფები გააფრთხილა, დაეტოვებინათ შენობა.

ამავე დღეს ღაზიდან სასაზღვრო რეგიონზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ორი ტაილანდელი მუშა ემსხვერპლა. ისრაელის ოფიციალურ პირთა ცნობით, კიდევ 7 ადამიანი — ასევე ტაილანდელები — საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშაბათს, დილის საათებში, ისრაელმა ერთ-ერთი გადასასვლელი გახსნა და ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა დაუშვა. თუმცა, ხელისუფლების თანახმად, შეიარაღებული დაჯგუფებებისგან სარაკეტო ცეცხლის შემდეგ პუნქტი ისევ დაიხურა.

ისრაელის თავდაცვის უწყება ამბობს, რომ სამშაბათის მდგომარეობით, ღაზაში მოქმედი შეიარაღებულების მიერ 3 300 რაკეტაა გაშვებული. მისივე ცნობით, 400-500 რაკეტა ღაზის ტერიტორიაზევე ჩავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელის თანახმად, ღაზაში დაღუპულთა შორის 150 შეიარაღებული მებრძოლი იყო.

მასობრივი გაფიცვა, პროტესტი და შეტაკებები

სამშაბათს მრავალი პალესტინელი შეუერთდა მასობრივ გაფიცვას ისრაელის ქალაქებსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზაში მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად.

აღნიშნულის ფარგლებში არაერთი არაბული ბიზნესი, სკოლა და სხვა დაწესებულებები დაიხურა. გაფიცვაში ჩართულობა მაღალი იყო ისრაელის იმ ქალაქებში, რომლებიც არაბული მოსახლეობის დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა.

პროტესტის ამ ფორმას მხარს უჭერდნენ როგორც ისრაელის შიგნით მცხოვრები პალესტინური საზოგადოების ლიდერები, ისე დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია.

პროტესტი, დიდწილად, მშვიდობიანი იყო, თუმცა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. პოლიციის ვერსიით, ქალაქ რამალაში “ძალადობრივი შეტაკებისას” სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გაიხსნა, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. დაიღუპა 3 პალესტინელი.

კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰებრონში. ისრაელის არმიის განცხადებით, ის ჯარისკაცზე თავდასხმას შეეცადა.

გასულ დღეებში განსაკუთრებული დაძაბულობა იყო ისრაელის რიგ ქალაქებში, ადგილობრივ ებრაელებსა და არაბებს შორის. შეტაკებების დროს იყო თავდასხმებისა და საკუთრების განადგურების ფაქტები. ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა როგორც ებრაელებზე, ისე არაბებზე. ორშაბათს დაიღუპა ებრაელი კაცი, რომელსაც ქალაქ ლოდში არაბების ჯგუფი დაესხა თავს.

ცეცხლის შეწყვეტის უშედეგო მცდელობები

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პალესტინური “ჰამასი” ისრაელის ავიადარტყმებმა “წლობით დახია უკან”.  მისივე განცხადებით, ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, “სანამ არ აღდგება სიმშვიდე” ისრაელის ყველა მოქალაქისთვის.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ჯერ ისევ ვერ შეჯერდა, რა პასუხი უნდა გასცეს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებს. BBC-ის ცნობით, ყველა წინა მცდელობა, რომელიც გულისხმობდა მოწოდებას ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ, აშშ-მა დაბლოკა.

AP აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს პირად საუბრებში მოუწოდებს, შეამსუბუქოს საჰაერო ოპერაცია ღაზის სექტორში.

პროცესებში ჩართულია ეგვიპტეც, რომელიც შუამავლობას ცდილობს ისრაელსა და ჰამასს შორის — ჯერჯერობით, წარუმატებლად. თუმცა, ეგვიპტელი ოფიციალური პირის თქმით, კაიროში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ საერთაშორისო ზეწოლა იმუშავებს.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა გადადო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი