ახალი ამბებისაზოგადოება

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

18 მაისი, 2021 •
ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიომ იხილა ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის მორიგი ტალღა, რომელმაც უკვე შეიწირა ათეულობით ადამიანის, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე.

სამხედრო დაპირისპირებას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა იერუსალიმში, თუმცა კონფლიქტი გაცილებით ძველია და ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს.

როგორ დაიწყო ეს ამბავი და რატომ ვერ მოიძებნა გამოსავალი ათწლეულების განმავლობაში? “ნეტგაზეთი” მოკლე გზამკვლევს გთავაზობთ.

რა არის სიონიზმი?

სიონიზმი ებრაელთა ეროვნული მოძრაობაა, რომელიც XIX საუკუნის 90-იან წლებში, ევროპასა და რუსეთში ანტისემიტური განწყობების გაძლიერებასთან ერთად ჩაისახა. ის ეფუძნებოდა იმ დროისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტულ ებრაელთა პალესტინაში დამკვიდრებისა და იქ სახელმწიფოს შექმნის იდეას.

სიონიზმი ქადაგებდა, რომ ებრაელები უნდა დაბრუნებულიყვნენ წინაპართა მიწაზე და შეექმნათ სახელმწიფო იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ებრაელთათვის საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი, როგორც ისტორიული ისრაელის მიწა.

თეოდორ ჰერცლი თეოდორ ჰერცლი

სიონიზმის ფუძემდებელია ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ჟურნალისტი თეოდორ ჰერცლი. აშფოთებდა რა ანტისემიტიზმის მომძლავრებისგან გამოწვეული პოტენციური საფრთხეები, ჰერცლიმ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს შექმნის პროგრამა და მის აქტიურ პროპაგანდას შეუდგა.

როგორ დაიწყო ებრაელთა მიგრაცია პალესტინაში?

ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე იორდანემდე გადაჭიმული ტერიტორია, რომელსაც მიემართებოდა სახელწოდება “პალესტინა”, XX საუკუნის 10-იან წლებამდე ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა.

ევროპიდან მასობრივი მიგრაციის ფონზე, ებრაელებმა პალესტინის მიწაზე დასახლება ჯერ კიდევ პოლიტიკური სიონიზმის ოფიციალურად დაფუძნებამდე ათწლეულებით ადრე დაიწყეს. პროცესის მასშტაბები XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საგრძნობლად გაიზარდა. ის რამდენიმე ტალღად განხორციელდა.

ებრაელი მიგრანტები ჰაიფას პორტში. © Kluger Zultan/Israel Government Press Office

სიონიზმის ჩამოყალიბებამდე რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში უკვე არსებობდა რიგი ორგანიზაციები, რომლებიც ლობირებდნენ ებრაელთა მიგრაციას პალესტინაში.

უკვე შემდგომ, სიონისტების ძალისხმევით, ხდებოდა თანხების მობილიზაცია, რომლებიც პალესტინაში ებრაელთა მიერ მიწების შესყიდვას ხმარდებოდა. ხსენებულ მიწებზე შემდგომ ებრაული დასახლებები და მეურნეობები ფუძნდებოდა.

ამასთან, ჰერცლი და სხვები აქტიურად ცდილობდნენ გავლენიანი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას სამომავლო სახელმწიფოს დაფუძნების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი მათ ბრიტანეთის სახით იპოვეს.

რა მოხდა I მსოფლიო ომის დროს?

I მსოფლიო ომის დროს მოხდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ნაწილობრივ განსაზღვრა პალესტინის მიწის შემდგომი ბედი:

1916 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიდო საიქს-პიკოს საიდუმლო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გაიყვეს ოსმალეთის იმპერიის მიწები ახლო აღმოსავლეთში. შეთანხმების ძალით, პალესტინის მნიშვნელოვანი ნავსადგურები დიდ ბრიტანეთს დარჩა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება სიონიზმისადმი სიმპათიისა და მხარდაჭერის ზრდას ბრიტანეთის ხელისუფლებაში, რაც საბოლოოდ, ე.წ. ბალფურის დეკლარაციით დაგვირგვინდა.

ართურ ბალფური ართურ ბალფური

“დეკლარაცია” რეალურად წარმოადგენს წერილს, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ართურ ბალფურმა 1917 წელს გაუგზავნა ბრიტანელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს.

ავტორმა ადრესატს უთხრა, რომ ბრიტანეთის მთავრობა დადებითად იყო განწყობილი პალესტინაში ებრაელი ხალხისთვის “ეროვნული სახლის” შექმნის იდეის მიმართ და ყველა ღონეს იხმარდა ამ ამოცანის განსახორციელებლად.

რა მოხდა I მსოფლიო ომის შემდეგ?

ოსმალეთი I მსოფლიო ომში დამარცხდა. 1920 წლის სან რემოს კონფერენციაზე გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს მისცეს მანდატი, რომელიც მთლიანად ვრცელდებოდა პალესტინაზე. 1922 წელს ეს ერთა ლიგამაც დაადასტურა. პალესტინის ტერიტორია აქამდე სწორედ ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მანდატში აისახა ზემოხსენებული “ბალფურის დეკლარაციის” დათქმა ებრაელთა კერის შექმნასთან დაკავშირებით.

იმ პერიოდში პალესტინა არაბული უმრავლესობითა და ებრაული უმცირესობით იყო დასახლებული.

პალესტინაში ებრაელთა იმიგრაციამ მასობრივი სახე მიიღო XX საუკუნის 30-აინ წლებში, აღმ. ევროპაში ანტისემიტური ტალღისა და ჰიტლერის აღზევების ფონზე, პალესტინის ებრაული მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა.

პარალელურად, მომძლავრდა წინააღმდეგობა და უკმაყოფილება ადგილობრივ არაბებში, რომელთა დელეგაციამაც მანამდე უკვე უარყო “ბალფურის დეკლარაციის” დათქმები.

ამ უკმაყოფილებამ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი სახე მიიღო. ამავე პერიოდში დაიწყო არაბული ნაციონალიზმის მომწიფება.

არაბთა ამბოხის მონაწილეები არაბთა ამბოხის მონაწილეები

ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია 1936-39 წლებში, ე.წ. არაბთა ამბოხის დროს, როცა პალესტინაში ბრიტანეთის მმართველობასა და ებრაელთა მასშტაბურ იმიგრაციას აპროტესტებენ. ეს ჯერ გაფიცვებში გამოიხატა, შემდეგ კი- შეიარაღებულ გამოსვლებში, რომლებიც ბრიტანეთმა ჩაახშო.

შეშფოთებულმა ბრიტანეთმა ესკალაციის მიზეზების შესასწავლად კომისია შექმნა, ორ ხალხს შორის “შეურიგებელი მისწრაფებების” გამოკვეთის შემდეგ კი შეცვალა პოლიტიკა, მკვეთრად შეზღუდა ებრაელთა იმიგრაცია პალესტინაში და მიწების ყიდვის პროცესი.

ამავე პერიოდში ბრიტანეთმა გამოსცა ე.წ. თეთრი წიგნი, რომელშიც გამორიცხა, რომ მისი მანდატი პალესტინის “ებრაულ სახელმწიფოდ” გადაქცევას გულისხმობს. ამ პოზიციამ სიონისტთა გულისწყრომა გამოიწვია. სიონისტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა ტერორისტული თავდასხმები დაიწყეს ბრიტანელთა წინააღმდეგ.

პალესტინის გაყოფა

გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 1946 წლის მონაცემებით, პალესტინაში ცხოვრობდა 1 845 560 ადამიანი. 1 076 780 მათგანი მასში მოხსენიებულია როგორც “მუსლიმი”, 608 230 — “ებრაელი”, 145 060  — “ქრისტიანი”, 15 490 კი — “სხვა”.

დაძაბულობა სულ უფრო მწვავდებოდა. აცნობიერებდა რა ვითარების კომპლექსურობას, ბრიტანეთმა მოიხსნა თავისი ვალდებულებები პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე და გაეროს მიანდო საკითხის გადაწყვეტა.

ჰოლოკოსტის შემდეგ, როცა პალესტინას ებრაელთა ახალი ტალღა მიაწყდა, საერთაშორისო საზოგადოებაში გაიზარდა მხარდაჭერა ებრაელთა სახელმწიფოს შექმნისადმი.

გაეროს წარმომადგენლებმა ვითარება შეისწავლეს და მას შემდეგ, რაც 1 სახელმწიფოში ამ 2 ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრების პერსპექტივა გამოირიცხა, ორგანიზაციამ 1947 წელს გამოსცა რეზოლუცია პალესტინის გაყოფის შესახებ.

ებრაელები თელ-ავივის ცენტრში ზეიმობენ გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერას პალესტინის გაყოფასთან დაკავშირებული რეზოლუციისადმი. © Hans Pinn

გეგმის თანახმად, ებრაულ სახელმწიფოს რჩებოდა პალესტინის მიწის 56.47%, არაბულს კი — 43.53%. ებრაულ სახელმწიფოში იცხოვრებდა 498 000 ებრაელი და 325 000 არაბი, არაბულში კი — 807 000 არაბი და 10 000 ებრაელი.

ქალაქ იერუსალიმს ენიჭებოდა სპეციალური სტატუსი და რჩებოდა საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიმე სახელმწიფოზე მიკუთვნების გარეშე.

ებრაელებმა ეს გეგმა მიიღეს, არაბებმა კი უსამართლოდ მიიჩნიეს და იუარეს. გაეროს რეზოლუცია პრაქტიკაში არასდროს განხორციელებულა.

1948 და სხვა — როგორ შეიქმნა ისრაელი და რა მოჰყვა ამას?

საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა: ბრიტანეთი სამანდატო ტერიტორიიდან გავიდა, 1948 წლის 14 მაისს კი ებრაულმა სახელმწიფომ, ებრაელებსა და არაბებს შორის მძიმე შეტაკებების ფონზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ისრაელის სახელწოდებით.

15 მაისს, პალესტინის გათავისუფლების საბაბით, მას ომი გამოუცხადა ხუთმა არაბულმა ქვეყანამ. შეუთანხმებელი სტრატეგიისა და ისრაელის მზარდი სამხედრო რესურსების ფონზე, არაბები დამარცხდნენ.

ისრაელის ტერიტორია სამანდატო პალესტინის 77%-მდე გაფართოვდა, ეგვიპტემ დაიკავა ღაზა, იორდანიამ კი — მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპირო. ზავის შედეგად, იერუსალიმი გაიყო: დასავლეთი ისრაელს დარჩა, აღმოსავლეთი — იორდანიას.

არაბი ლტოლვილები ლიბანისკენ მიმავალ გზაზე. © Associated Press

გაეროს მონაცემებით, ამ პერიოდში ასობით ათასი პალესტინელი  იძულებით გადაადგილდა ან განიდევნა საკუთარი საცხოვრებლებიდან. ამ მოვლენას პალესტინელები უწოდებენ კატასტროფას (არაბულად “ნაქბა”).

არასტაბილური ვითარების ფონზე, აღნიშნულს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის რამდენიმე ომი მოჰყვა:

1967 წლის 6-დღიანი ომში არაბული ქვეყნების მარცხის ფონზე, ისრაელმა მოახდინა აღმოსავლეთ იერუსალიმის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის ოკუპაცია.

რა მოხდა შემდეგ და რა არის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია?

6-დღიან ომამდე მცირე ხნით ადრე “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით დაფუძნდა “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია”(PLO), რომელიც ჯერ შეიარაღებული ბრძოლითა და ძალისმიერი აქტებით, შემდეგ კი მოლაპარაკებებით ცდილობდა მიზნის მიღწევას.

სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს შედგა ოსლოს შეთანხმება, რომლითაც PLO-მ აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.

მაჰმუდ აბასი © EPA

ასე შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ღაზისა და  ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო.

ადმინისტრაციას ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა. ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ზომიერ, სეკულარულ პალესტინურ ფრაქციას, “ფათაჰს” წარმოადგენს.

რა ართულებს ვითარებას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე?

მიუხედავად ხსენებული შეთანხმებისა, რიგი სირთულეების გამო ის შორს ვერ წავიდა.

დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA) სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს. ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს, რასაც თან სდევს შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის.

სხვადასხვა მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე — როგორც PNA-ს ლიმიტირებული თვითმმართველობის, ისე ისრაელის არმიის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე — 2.1 მილიონიდან 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს.

იქვე აგებულ ახალშენებში ცხოვრობს 430 000 ებრაელი. ამ მშენებლობებს პალესტინელები, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.

ამას ემატება ბეტონის ბარიერი, რომელსაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ბარიერი იყო თავდაცვის გზა პალესტინელი შეიარაღებულების თავდასხმებისგან. თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ.

პალესტინელი დემონსტრანტები ქვებს ესვრიან ისრაელის სამხედროებს 2017 წლის დეკემბერში მომხდარი შეტაკებისას © EPA

რაც შეეხება ღაზას: აქ ისრაელი 6-დღიანი ომის შემდეგ რჩებოდა. 2005 წელს მან გაიყვანა ჯარებიც და ახალმოსახლეებიც, თუმცა შეინარჩუნა კონტროლი ღაზის საზღვრებსა და საჰაერო სივრცეზე.

ამჟამად ღაზა წარმოადგენს პალესტინელებით მჭიდროდ დასახლებულ ექსკლავს, რომელიც თითქმის ყველა მხრიდან ისრაელითაა გარშემორტყმული.

ღაზაში 2006 წლის არჩევნები ისლამისტურმა მოძრაობამ, “ჰამასმა” მოიგო. მასსა და მაჰმუდ აბასის PNA-ს შორის უთანხმოების შემდეგ დაიწყო კონფლიქტი პალესტინურ ფრაქციებს შორის, რომელშიც “ჰამასმა” გაიმარჯვა და ღაზაზე კონტროლი დაამყარა. “ჰამასი” ევროკავშირსა და აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ აღიარებული, გამონაკლისია შვეიცარია და ნორვეგია, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალურობას იცავენ.

“ჰამასის” წევრი აღლუმზე, 2016. © EPA

“ჰამასის” გამარჯვებას მოჰყვა, ერთი მხრივ, ღაზის საზღვრების კონტროლის გამკაცრება ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან, მეორე მხრივ კი, შეიარაღებული დაჯგუფებების სარაკეტო თავდასხმები ისრაელის ქალაქებზე და ამ უკანასკნელის სამხედრო ოპერაციები ღაზაში.

შექმნილი ვითარების გამო, ღაზის 2-მილიონიანი მოსახლეობაში პრობლემაა როგორც საკვების, ისე წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

ხსენებულ პრობლემებში ღაზა ისრაელის ბრალეულობაზე საუბრობს. თავად ისრაელი ბრალდებას არ იზიარებს და დასძენს, რომ ამ შეზღუდვებით მხოლოდ თავს იცავს ტერორიზმისგან.

რა ართულებს ვითარებას იერუსალიმში?

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

თუმცა ქალაქის ამ ნაწილს მხოლოდ სიწმინდეები არ ხდის კომპლექსურს.

როგორც აღვნიშნეთ, ქალაქი 1948 წლიდან 1967 წლამდე გაყოფილი იყო ისრაელსა და იორდანიას შორის. 6-დღიანი ომის შედეგად კი ისრაელმა აღმოსავლეთი ნაწილიც დაიკავა და სრული კონტროლი დაამყარა ქალაქზე.

კუბათ ალ-სახრას მეჩეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში. კუბათ ალ-სახრას მეჩეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში. © EPA

ამჟამად ისრაელი იერუსალიმს თავის განუყოფელ დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

გამონაკლისია აშშ, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

თავის მხრივ, პალესტინელები ცალსახად ეწინააღმდეგებიან ამ მტკიცებას და იმედოვნებენ, რომ ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

რამ გამოიწვია 2021 წლის კონფლიქტი?

ღაზის სექტორში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ისრაელს შორის მიმდინარე კვირას დაწყებულ კონფლიქტს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა იერუსალიმში.

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 10 მაისს, როცა მძიმე შეტაკებები მოხდა იერუსალიმში, მუსლიმებისთვის მეტად მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან, ისრაელის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. © ალ-ჯაზირა

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ პალესტინურმა “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო, ისრაელმა ღაზაზე კი — საჰაერო შეტევები. ბოლო მონაცემებით, ღაზაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზიდან მათი მიმართულებით 3 ათასზე მეტი რაკეტა ისროლეს, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. რაკეტების უმრვლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. რკინის გუმბათმა შეაკავა, რითაც შეიძლება აიხსნას ისრაელში ბევრად ნაკლები მსხვერპლი.

რა არის შეიხ ჯარაჰი?

უშუალოდ იერუსალიმში დაძაბულობის მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის, ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის, ასევე, ისრაელის პოლიციის ქმედებები მუსლიმებისთვის მეტად მნიშვნელოვან პერიოდში — რამადანის თვეში.

თუმცა ვითარების გამწვავების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მაინც მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები.

საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს და ამბობს, რომ 1948 წლამდე ეს მიწა ებრაელებს ეკუთვნოდათ.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს კარიბჭესთან, იერუსალიმში. ფოტო: EPA პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს კარიბჭესთან, იერუსალიმში. © EPA

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

ისრაელის ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს, როგორც კერძო დავას მხარეებს შორის,  პალესტინელები კი ეთნიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აღნიშნულის წინააღმდეგ.

რეგიონის ქვეყნების რეაქცია

უკანასკნელი მოვლენების დროს, “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ”(OIC) ღაზაში ისრაელის ქმედებებს “ბარბაროსული” უწოდა და დაგმო “სისტემატური დანაშაულები” პალესტინელთა წინააღმდეგ. ორგანიზაცია  57 ქვეყანას — მათ შორის, არაბულ ქვეყნებს, თურქეთსა და ირანს —  აერთიანებს, თუმცა ისრაელთან ყველა მათგანს ერთნაირი ურთიერთობები არ აქვს.

ამ დროისთვის ისრაელის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს და მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებშია ექვსი არაბული ქვეყანა. ეგვიპტემ და იორდანიამ ეს გასულ საუკუნეში გააკეთეს, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ კი გასულ წელს გააფორმეს შეთანხმება ისრაელთან.

მსგავს შეთანხმებებს გმობენ არაბული რეგიონის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნულს პალესტინის იდეის ღალატად განიხილავენ.

რეგიონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, თურქეთი, ისრაელთან ურთიერთობების დათბობის გზას ადგას, თუმცა ბოლო მოვლენებს ამ პროცესზე, როგორც მინიმუმ, დადებითად არ უმოქმედია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პალესტინელთათვის საერთაშორისო დაცვის მექანიზმი მოითხოვა, OIC-ს წინაშე კი თქვა, რომ ისრაელმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებისთვის.

ისრაელის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს ირანიც, რომელიც არ აღიარებს მის სახელმწიფოებრიობას და ათწლეულებია, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა ისრაელის მიმართ, რაც შეიარაღებული დაჯგუფებების (ჰამასი და სხვ.) მხარდაჭერაშიც გამოიხატება.

რა იქნება მომავალში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. პრობლემების ჩამონათვალი გრძელია.

მათ შორისაა ლტოლვილების საკითხი: გაეროს მონაცემებით, 5 მილიონს შეადგენს იმ ადამიანებისა და მათი შთამომავლების რიცხვი, რომელთაც ამ კოფნლიქტის გამო თავიანთი საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ.

მათი დიდი ნაწილი ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში ცხოვრობს.

მათი დაბრუნება პალესტინელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც ისრაელი არ იზიარებს და ამბობს, რომ ამ რაოდენობის ადამიანების მიღების შემთხვევაში, ქვეყანა მეტად გადაიტვირთება და დასრულდება მისი, როგორც ებრაული სახელმწიფოს არსებობა.

სხვა პრობლემები უკავშირდება ებრაული ახალშენების კანონიერებას, იერუსალიმის სტატუსს, უშუალოდ პალესტინურ ფრაქციებს შორის ურთიერთობას და სხვ.

მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, პრობლემური საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ღიად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი