ახალი ამბები

თბილისში “გლოვოს” კურიერების აქცია გაიმართა

16 მაისი, 2021 • 1940
თბილისში “გლოვოს” კურიერების აქცია გაიმართა

თბილისში 16 მაისს საკურიერო კომპანია გლოვოსთვის დასაქმებულმა კურიერმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც საბონუსე სისტემისა და სამუშაო დროის ცვლილების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

“როგორც წინა აქცია, დღევანდელიც არ დაწყებულა პირდაპირ ქუჩით. ჩვენ კონსულტაციებს რაღაც პერიოდია ვახორციელებთ ადმინისტრაციასთან, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური ცვლილებები ჩვენთვის შეამცირებს შემოსავლებს, რამაც გამოიწვია ეს პროტესტი”, – განუცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა ტელეკომპანია პირველს.

კურიერების განცხადებით, საბონუსე სისტემის შეცვლით, ისინი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავენ.

“საბონუსე სისტემას მთლიანად გვისპობენ. თვის განმავლობაში, რა დანამატიც გვქონდა შესრულებულ შეკვეთასთან დაკავშირებით, მთლიანად ჩამოგვაკლეს და გვეუბნებიან, რომ ობიექტამდე მანძილიც [აღრიცხვაც] გაუქმდება”, – აცხადებს კიდევ ერთი დასაქმებული.

ნეტგაზეთს კომპანიაში დაუდასტურეს ცვლილებების შესახებ და განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები “მორგებულია კურიერების საჭიროებებსა და მათ უსაფრთხოებაზე.

კომპანიის განცხადებით, განხორციელდა 3 ცვლილება, მათ შორის:

  • საბონუსე სისტემაში

“ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ
კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება. ეს პოზიტიური ცვლილება გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში, გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება
და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად”, – აცხადებენ კომპანიაში.

  • ასანაზღაურებელი მანძილი

“არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან, მომხმარებლამდე მიტანის
მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი, თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2.3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის, პარტნიორი კურიერები 0.4 ლარის ნაცვლად, 0.5 ლარს გამოიმუშავებენ”.

  • ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა

“აქამდე, პარტნიორ კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით, ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება”, – უთხრეს ნეტგაზეთს გლოვოში.


სხვადასხვა კურიერული კომპანიებისთვის მომუშავე პირები პერიოდულად აწყობენ აქციებს.

ნეტგაზეთმა მარტის თვეში გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ რა არის “გიგ ეკონომიკა” და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ.

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი