ახალი ამბები

100-ზე მეტი დაღუპული: ღაზაზე შეტევა გააქტიურდა, კონფლიქტი გრძელდება

14 მაისი, 2021 • 1203
100-ზე მეტი დაღუპული: ღაზაზე შეტევა გააქტიურდა, კონფლიქტი გრძელდება

ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა გაააქტიურა. 13 მაისის ღამით სამხედრო ოპერაციაში ავიაგამანადგურებლებთან ერთად სახმელეთო ძალებიც ჩაერთნენ, რის შემდეგაც ღაზის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 5-დღიან კონფლიქტს 119 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, 8 ადამიანი კი ისრაელში დაიღუპა.

ისრაელისა და ღაზის სექტორში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

სოციალურ მედიაში მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ღაზის სექტორის დაბომბვის ამსახველი კადრები. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ოპერაცია ხმელეთიდანაც დაიწყეს, თუმცა, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში გაჩენილი კითხვებისა და დაბნეულობის შემდეგ, აღნიშნეს, რომ უშუალოდ ღაზის ტერიტორიაზე არ შესულან.

BBC-ის თანახმად, შეტევით შეშინებული პალესტინელები ისრაელის საზღვართან ახლომდებარე ტერიტორიებზე გადადიან. ადამიანებმა, რომლებმაც ქალაქ ღაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლება შუჯა’ია დატოვეს, აღნიშნავენ, რომ ჭურვები მათ სახლებს ეცემოდა.

“უამრავი დაბომბვაა, ბავშვები შეშინებულები არიან. ჩვენც კი, უფროსები, ბავშვობიდან ომში ვართ. აღარ შეგვიძლია ამის ატანა”, — უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა AFP-ს.


თავის მხრივ, ისრაელის არმია დასძენს, რომ გასულ ღამეს ჩაატარა ოპერაცია ღაზაში მოქმედი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” გვირაბების ქსელის გასანადგურებლად. არმიაში ასევე ამბობენ, რომ ხუთშაბათის საღამოდან პარასკევის დილამდე ღაზიდან კიდევ 220 ჭურვი ისროლეს.

გასული დღეების მსგავსად, არმიაში ახლაც ამბობენ, რომ მათ სამიზნეს სამხედრო ობიექტები წარმოადგენს და ცდილობენ, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში.

ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, დაღუპულ პალესტინელებს შორის 27 ბავშვია. ასობით ადამიანი დაშავებულია.

ისრაელში დაღუპულებს შორის არიან ქალები, ბავშვი და მოზარდი. მერვე მოქალაქე 13 მაისს აშდოდთან ახლოს დაიღუპა. ის 87 წლის ქალია, რომელიც თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე დაეცა და ტრავმა მიიღო. შეიარაღებული დაჯგუფების სამიზნე ასევე იყო სამხრეთ ისრაელის სხვა ქალაქები, მათ შორის, აშკელონი და ბეერ-შევა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ოპერაცია პალესტინელი შეიარაღებულების წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

პარალელურად, ისრაელს “მწარე გაკვეთილით” ემუქრება “ჰამასი”, იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზის ტერიტორიაზე შეიჭრება.

ამასთან, გრძელდება ძალადობრივი დაპირისპირებები ისრაელის ქალაქებში, ებრაელებსა და არაბებს შორის. ვითარების გამწვავების ფონზე, ისრაელის პრეზიდენტმა გაახმიანა გაფრთხილება “სამოქალაქო ომთან” დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა კი უსაფრთხოების ძალების მასობრივ მობილიზებაზე ისაუბრა. დაკავებულია არეულობებში მონაწილე 400-მდე ადამიანი.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი