ნეტგაზეთი | შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები – Netgazeti
Batumelebi | RU

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

ქალაქი იერუსალიმი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მწვავე ძალადობრივი აქტების სერიის მომსწრე გახდა. 10 მაისს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ალ-აკსას მეჩეთის მიმდებარედ, მძიმე შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის, რის შემდეგაც ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის საპასუხო ცეცხლს, ღაზის ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა.

იერუსალიმში ვითარება ბოლო კვირების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების შესაძლო გამოსახლება და იქ ებრაელ ახალმოსახლეთა დამკვიდრება. ისრაელის ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს, როგორც კერძო დავას მხარეებს შორის,  პალესტინელები კი ეთნიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აღნიშნულის წინააღმდეგ.

ცეცხლი ღაზასა და იერუსალიმს შორის

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირებია დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორისაა ალ-აკსას მეჩეთი.

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმის მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ავიადარტყმებს ემსხვერპლა 20 ადამიანი, რომელთა შორის ცხრა ბავშვია. ხსენებული მონაცემებით, 10 მაისი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღეა ამ კონფლიქტის უკანასკნელ წლებში.

ისრაელის თავდაცვის უწყების თანახმად, ღაზაში დაღუპულთაგან, სულ მცირე, 11 პირი “ჰამასის” წევრი იყო.

სარაკეტო ცეცხლი ღაზადან იერუსალიმისკენ. ფოტო: AP/Khalil Hamra

სარაკეტო ცეცხლი ღაზის სექტორიდან იერუსალიმისკენ. ფოტო: AP/Khalil Hamra

ისრაელის საჰაერო შეტევა ღაზაზე. ფოტო: MAHMUD HAMS

ისრაელის საჰაერო შეტევა ღაზაზე. ფოტო: MAHMUD HAMS

“ჰამასის” მიერ იერუსალიმზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, ისრაელის ცნობით, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქში სირენები ჩაირთო, ისრაელის პარლამენტში კი ევაკუაცია გამოცხადდა. ქვეყნის სამხრეთში, ავტომანქანაზე რაკეტის დაცემის შედეგად, დაშავდა 1 მოქალაქე.

“გარდიანი” ციტირებს “ჰამასის” სამხედრო ფრთას, რომელიც ამბობს, რომ მისი ქმედებები არის პასუხი ისრაელის “დანაშაულებსა და აგრესიაზე წმინდა ქალაქში[იესუსალიმში]”. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ “პალესტინურ ტერორიზმს რკინის მუშტით უნდა ებრძოლონ”.

ქაოსი იერუსალიმში — რა ხდებოდა ქალაქში 10 მაისს?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო კვირების მანძილზე ისედაც დაძაბულ ვითარებას თან დაერთო “იერუსალიმის დღის” მარში, რომელსაც ისრაელელი ახალგაზრდები ყოველწლიურად აწყობენ და ამ ფორმით აღნიშნავენ  1967 წელს ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმზე კონტროლის დამყარებას.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები, ისრაელის დროშებით ხელში, აწყობენ მსვლელობას ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, მუსლიმურ კვარტალში, სკანდირებენ და მღერიან. პალესტინელები აღნიშნულს მიზანმიმართულ პროვოკაციად აღიქვამენ.

მიმდინარე კვირებში არსებული დაძაბულობის ფონზე იყო ვარაუდი, რომ ეს მარში კიდევ უფრო გაამწვავებდა ვითარებას. 9 მაისის ღამით პალესტინელები ალ-აკსას მეჩეთის შიგნით დარჩნენ და თქვეს, რომ მზად იყვნენ, დაეცვათ თავიანთი სალოცავი. ისრაელის პოლიციის თქმით, მათ თან ჰქონდათ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები, ემზადებოდნენ რა კონფრონტაციისთვის ხსენებული ღონისძიების გამო.

BBC-ის თანახმად, პოლიცია ასევე ამბობდა, რომ მეჩეთის მახლობლად თავდასხმა მოხდა სამართალდამცავთა პოსტზე, რის შემდეგაც, 10 მაისის დილით, პოლიციელებს მეჩეთში შესვლა და “დემონსტრაციის დაშლის მეთოდებით” იქ მყოფთა “მოგერიება” ებრძანათ.


სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეტაკებები: პოლიციამ როგორც სალოცავის შიგნით, ისე მის გარეთ, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რასაც დემონსტრანტები ქვებით პასუხობდნენ. მედიაში მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ქაოტური სცენების ამსახველი კადრები.


10 მაისს ვითარება ასევე  დაძაბული იყო იერუსალიმის ძველი ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან. მსუბუქ ავტომანქანას პალესტინელმა ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც ის ორ პალესტინელ ქვეითს შეეჯახა. მძღოლი, რომელსაც მომხდარის შემდეგ თავს დაესხნენ, პოლიციის თანახმად, მსუბუქადაა დაშავებული, პალესტინელთა მდგომარეობა კი უცნობია.

დაძაბულობის ფონზე, ისრაელელი ახალგაზრდების მარშის მარშრუტი შეიცვალა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიცია დაიცვა და თქვა, რომ “უკანონო ძალადობასა და წესრიგს შორის”. პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი კი მომხდარს უწოდებს “ისრაელის საოკუპაციო ძალების სასტიკ შტურმს ალ-აკსას წმინდა მეჩეთზე და მომლოცველთა მიმართ ძალადობას”, რაც “ახალი გამოწვევაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის”.

საიდან დაიწყო დაძაბულობა?

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

ბოლო პერიოდის დაძაბულობის მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭესთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა სიტუაციის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები განიხილება. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს კარიბჭესთან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

აქციის მონაწილეებს მიჰყავთ დაშავებული დემონსტრანტი შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი მანიფესტაციის დროს ე.წ. დამასკოს კარიბჭესთან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

როგორია საერთაშორისო გამოხმაურება?

ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულმა კვარტეტმა — აშშ-მა, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერომ — შეშფოთება გამოხატეს ძალადობრივი პროცესების გამო და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით ისრაელის დესპანები დაიბარეს. იორდანიის მეფემ დაგმო მიმდინარე პროცესები და ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს “პროვოკაციები იერუსალიმელთა წინააღმდეგ”.

არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა ასევე გააკრიტიკეს ისრაელი გასული დღეების შეტაკებების გამო. გასულ წელს ამ სახელმწიფოებმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის: მსხვერპლია ორივე მხარეს

არ გახვიდეთ ქუჩებსა და აივნებზე – საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან