ახალი ამბები

გორის მერის მოადგილეები გადადგნენ და გახარიას გუნდს შეურთდნენ

11 მაისი, 2021 • 1483
გორის მერის მოადგილეები გადადგნენ და გახარიას გუნდს შეურთდნენ

გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეურთდნენ.

როგორც ისინი ჟურნალისტებთან ამბობენ, მათ თანამდებობის დატოვება ხელისუფლებამ მოსთხოვა, თუმცა ვისგან იყო მოთხოვნა, არ ასახელებენ.

გორის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ამბობს, რომ გორის მერიაში არსებობს თანამშრომლების სია, რომელთა გაშვებასაც აპირებენ.

“პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა  ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას[…] გორელებს, გორს, დავეხმარებით გიორგი  გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ”, — განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

მერის კიდევ ერთი მოადგილე პაატა ივანიშვილი კი ამბობს, რომ ისინი ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ.

“დაჟინებით მოითხოვენ დავტოვო თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ სკამებს და თანამდებობებს გამოკერილები არ ვართ. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობას. უბრალოდ, ერთი რამე მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, გორელებს, ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენ გვერდით. ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ერთხმად გავიმარჯვებთ”, — განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

პარლამენტში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდელებმა “ქართული ოცნება” 14 აპრილს დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ. გახარიას გუნდშია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი. 27 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სწორედ ხოჯევანიშვილმა ისაუბრა რეგიონებში გახარიას მხარდამჭერებზე ზეწოლაზე. თუმცა მაშინ ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რეგიონში და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებზე.

რეგიონებში გახარიას მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება – ხოჯევანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი