პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და ღიად განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრია, ამბობს, რომ რეგიონებში ექსპრემიერის გუნდის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რეგიონში და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებზე, თუმცა თქვა, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩეული ეს ფორმა მაინც არ მუშაობს.
“აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, არ მუშაობს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა ჩვენი თანამოაზრეები გავამხნევო და ვუთხრა, რომ გუშინდელი და გუშინწილდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წინ წავალთ”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
როგორც ცნობილია, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მის გუნდში პარლამენტში 6 დეპუტატი მოიაზრება. გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, გახარიას გუნდის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე საკრებულოებშიც ვიხილოთ.