საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ პარლამენტარ ირაკლი ბერაიასთვის 16 აპრილს გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი.
ჯუანშერ ბურჭულაძის თანახმად, რეფორმები მიმართულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაციისკენ, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნისკენ, თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული პროცენტული წილის გაზრდისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისკენ.
მინისტრის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი აისახება თავდაცვის ახალ კოდექსში (კოდექსის ამოქმედებიდან სამი წლის შემდგომ ამოქმედებით) და გულისხმობს:
- სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და ქვეყნის თავდაცვის მიზნებისათვის;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელწოდების ცვლილებას (აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია როგორც საკანონმდებლო ხარვეზების გასწორების, ასევე, სამსახურის იმიჯის შეცვლის მიზნით).
წერილში ნათქვამია, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, თავდაცვის სამინისტროს ნორმატიულ და შიდა ადმინისტრაციულ აქტებში განიხილება დამატებითი ცვლილებების განხორციელება, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- სამხედრო სამსახურის გავლა ყოველდღიური რეჟიმით, დადგენილი შინაგანაწესის შესაბამისად (სამსახურის საათების შემდგომ დათხოვნის, უქმე/სადღესასწაულო დღეებში დასვენების და შვებულების უფლებებით);
- სამხედრო სამსახურის გავლის ალტერნატივები სხვადასხვა ქვედანაყოფებში (განიხილება სამსახური სხვადასხვა სარდლობების საშტაბო და დაცვის ქვედანაყოფებში, ასევე, საბრძოლო ქვედანაყოფებში);
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების მატება.
ნეტგაზეთმა მიმართა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი კითხებით, თუ კონკრეტულად როდის იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცება და კონკრეტულად როგორ აისახება კანონმდებლობაში მინისტრის წერილში დაფიქსირებული საკითხები.
თავდაცვის სამინისტრომ ნეტგაზეთს 27 აპრილს განუცხადა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცება “წელს, უახლოეს მომავალში იგეგმება”.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 2021 წლის 3 თებერვალს დაანონსა თავდაცვის ახალი კოდექსისა და უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიღება.
მაშინ თალაკვაძე აცხადებდა, რომ პარლამენტი მიიღებდა თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებდა სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებდა თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობასა და მოახდენდა თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას.