ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, კობახიძისგან NATO-ში ელჩობაზე მიიღო შეთავაზება

1 თებერვალი, 2024 • 756
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, კობახიძისგან NATO-ში ელჩობაზე მიიღო შეთავაზება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისგან მიიღო შეთავაზება, NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს, რასაც მისივე განცხადებით, დიდი ალბათობით დათანხმდება.

ბურჭულაძის თქმით, 13 წელია საჯარო მოხელეა და თანამდებობის დატოვებას თავადაც განიხილავდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 4 თვე აქვს:

„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ეს იყო ჩემთვის საამაყო 5 წელი. ბუნებრივია, პრემიერი შეიცვალა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მე მადლობელი ვარ ახალი პრემიერის. მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობაზე დარჩენა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ თავდაცვის კოდექსი მივიღეთ, მე მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან თხოვნა წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, მე ზოგადად, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე ჩემს მოღვაწეობას.

პირველ რიგში, 13 წელია საჯარო მოხელე ვარ – ეს ძალიან ბევრია. 4, 5 წელი ვიმუშავე სხვადასხვა ორგანოში. მყავს დიდი ოჯახი. მე მივიღე შემოთავაზება ახალი პრემიერისგან, რომ განვიხილო ნატოში ჩვენი ელჩის თანამდებობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, მაგრამ მაქვს ფიქრის დრო. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის თან დასვენების პერიოდი, თან მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“ ,— უთხრა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში — თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი და „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი ირაკლი ჩიქოვანი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამჟამად NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას ვიქტორ დოლიძე იკავებს. მას უფლებამოსილება 2024 წლის მაისში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი