ახალი ამბები

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 3 სამხედრო დააკავეს

15 თებერვალი, 2024 • 949
ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 3 სამხედრო დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ახალშენში სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საქმეზე სამ პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ემუქრებოდნენ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით.

გამოძიების თანახმად, სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამ თემაზე:

საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ჯარისკაცზე

მასალების გადაბეჭდვის წესი