საზოგადოებასამართალი

“დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ხიდაშელის მრჩევლობაზე

14 მარტი, 2024 • 1822
“დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ხიდაშელის მრჩევლობაზე

“მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.  დოკუმენტის თანახმად ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე არ საუბრობს დეტალურად დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე, თუმცა ამბობს:

“დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავითგარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი]  ჩართული იყო ამ საკითხზე.  ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები”.  კითხვაზე, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს:

“არა მგონია, არა მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული”.

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამჟამად დავით ხიდაშელი არ იკავებს არანაირ პოსტს სამინისტროში, წარსულში მის მუშაობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი გვირჩიეს, რომ ყოფილი მინისტრის ზემოთ მოყვანილი პასუხები გვენახა.

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ გიორგი შაიშმელაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მას სამჯერ უნახავს დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში, თუმცა ხელშეკრულების შესახებ არ სმენია და ვერც წარმოედგინა.

თავად დავით ხიდაშელმა “მთავარ არხთან” საუბარში უარყო რაიმე სახის კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.

ვინ არის დავით ხიდაშელი და რატომაა მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი? 

დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი მილიარდერის ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია.  თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგში მას შესაძლოა წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე.

ის საზოგადოების ცნობილი გახდა „კარტოგრაფების საქმიდან”  როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ მათ მიზანმიმართულად დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისას უკეთეს პირობებში აყენებდა. „რუკის გამოჩენიდან“ 4 წელი გავიდა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ თბილისმა აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ზემოაღნიშნული რუკის საქართველოს პოზიციების სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა, თუმცა შემდეგ ლიცენზია ჩამოერთვა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი