ახალი ამბებისამართალი

მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

23 აპრილი, 2021 •
მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებთან. ამ წუთებში საბჭო მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს უსმენს თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აწერს, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

კერძოდ, დოკუმენტის იმ თავში, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება ,წერია:

    • ა)პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    • უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    • მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით;
    • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა;
    • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შეთანხმების ტექსტში არსებული ჩანაწერია, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ის მაინც გრძელდება. ჯანეზაშვილის თქმით, ამასთან, დოკუმენტში არ ჩანს მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და არც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულა განცხადება პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით:

“ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათანადო კომუნიკაცია თუნდაც ამ ნაწილში, მაგრამ არ ვიცი, ე.წ. კლანს და პარლამენტს ალბათ აქვთ კომუნიკაცია. მაგრამ რატომ გრძელდება ეს პროცესი, ჩემთვის გაუგებარია. საკანონმდებლო საფუძველი მართლაც არ არსებობს, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ან პარლამენტმა უნდა თქვას ცხადად და გასაგებად ,როგორც ამნისტიაზე საუბრობენ და ამ შემთხვევაშიც უნდა თქვან, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები, კანონის საფუძველზე მოხდება შეჩერება? არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ განხორციელდება ეს პუნქტი” ,- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ საბჭო მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას და ამ დროისთვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გასაუბრებების პროცესის შეჩერების ვალდებულებას გააჩენდა.

ამასთან, მოსამართლე აცხადებს, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკისგან და აღნიშნული დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმების საგანია:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც დღეს ისევ ძალაშია და ავალდებულებს საბჭოს ,იზრუნოს უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაზე. დღეის მდგომარეობით საბჭოსთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ჩვენ ეს პროცედურა უნდა შევაჩეროთ და, შესაბამისად, გასაუბრებები, საჯარო მოსმენები კანდიდატებთან აღარ უნდა ჩავატაროთ. რაც შეეხება იმ [მიშელის] დოკუმენტს, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისგან და მოქმედებს მხოლოდ არსებული კანომდებლობის საფუძველზე. სანამ ეს დოკუმენტი კანონის სახეს არ მიიღებს და საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, რომ უნდა შეჩერდეს დანიშვნების პროცესი,საბჭო ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება.

ჩვენ ვასრულებთ კანონის მოთხოვნას და ვზრუნავთ იმაზე, რომ დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო ,იმიტომ, რომ ისევ არსებობს საქმეთა გაჭიანურების პრობლემა, რომელზეც არამხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, სახალხო დამცველიც მიუთითებს” ,- აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი