ახალი ამბები

რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ასრულებს

22 აპრილი, 2021 • 823
რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ასრულებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთი ასრულებს ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებს.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის ცნობით, შოიგუმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, რუსული ნაწილები დაუბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებს სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რაიონებში.

“მე მჯერა, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულიად იქნა მიღწეული. ჯარმა აჩვენა ქვეყნის საიმედო დაცვის უნარი. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავასრულო შემოწმების მოქმედებები სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო რაიონებში”, – განაცხადა შოიგუმ.

რუსული სამხედრო ნაწილები საკუთარ ძირითად დისლოკაციის ადგილებს, შოიგუს ბრძანების მიხედვით, ხვალიდან 23 აპრილიდან უნდა დაუბრუნდნენ.


აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის პარალელურად, რუსეთმა ხმელეთსა და შავ ზღვაში დაიწყო საკუთარი ძალების მობილიზება და სამხედრო წვრთნები.

უკრაინული მხარის განცხადებით, ისინი მუდმივად მზად არიან შესაძლო დაპირისპირებისათვის.

გაეცანით ნეტგაზეთის სტატიას შავ ზღვაში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების შესახებ.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი