სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის 2018-2019 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, “რესპუბლიკური ბიუჯეტით ვერ ხერხდება სამინისტროს ოთხი პროგრამის 20-ზე მეტ ქვეპროგრამაზე თითოეული წლისთვის დაგეგმილი დაფინანსების მოცულობის, ცვლილების ან შესრულების მდგომარეoბის იდენტიფიცირება”, ვინაიდან, აუდიტის ცნობით, “სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით დადგენილი წესების გვერდის ავლით, პროგრამების მიმართულებებისათვის კომპონენტების დარქმევით, არ განახორციელა პროგრამების ქვეპროგრამებად დაყოფა და მათი 2018-2019 წლების აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასახვა”.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ სამინისტროს პროგრამების დაგეგმვა ხორციელდებოდა დევნილთა საჭიროებების შესაბამისად, ხოლო პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2019 წელს დამტკიცებულ პროგრამებში განსაზღვრული რვა კომპონენტი არ შესრულდა.
შესაბამისად, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის ეტაპზე არასაკმარისი კვლევისა და ანალიზის შედეგად, პროგრამების/ქვეპროგრამების არაეფექტურმა დაგეგმვამ შექმნა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკები:
“2018-2019 წლებში მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცებული ყველა პროგრამისა და კომპონენტის აქტუალობა დასაბუთებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალწლიანი შესწავლითა და ანალიზის შედეგებით.
სამინისტროს მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ჩატარებული რაიმე სახის კვლევის/ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ სამინისტროს პროგრამების დაგეგმვა ხორციელდებოდა დევნილთა საჭიროებების შესაბამისად. პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2019 წელს დაგეგმილი 9 კომპონენტი არ შესრულდა. დამტკიცებულ პროგრამებში განსაზღვრული იყო აღნიშნული კომპონენტები, თუმცა მათი შესრულების მიზნით შესაბამისი ღონიძიებები არ განხორციელებულა”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შინაარსის ხარვეზები – სამინისტროს მიერ 2018-2019 წლებში დამტკიცებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით ვერ ხერხდება იმ დეტალური ღონისძიებებისა და მათი განხორციელების დროის იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ქვეპროგრამების შუალედური და პროგრამების საბოლოო შედეგების მიღწევა.
აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ასევე კომპონენტებში განსაზღვრული პროგრამის მოსარგებლეების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ატარებს ზოგად ხასიათს და არ შეიცავს დეტალურ მონაცემებს მიზნობრივი ჯგუფების შესახებ, ხოლო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული კომპონენტებისათვის არ არის განსაზღვრული დაფინანსების აპლიკანტების დაკმაყოფილების კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფდა დასაფინანსებელი პირების შერჩევის მეტ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას:
“კომპონენტებში ფიქსირდება „პროგრამის მოსარგებლეები“, თუმცა აღნიშნული ქვეთავი ძირითადად ატარებს ზოგად ხასიათს და არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მიზნობრივი ჯგუფების შესახებ. კერძოდ, 2018 წელს განხორციელებული პროგრამების 70%-ის, ხოლო 2019 წელს − 82%-ის შემთხვევაში მიზნობრივი ჯგუფები არ არის განსაზღვრული ან ზოგადია და შინაარსობრივად ძირითადად ატარებს შაბლონურ (იდენტურ) ხასიათს აფხაზეთიდან იგპ, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოქალაქეები”, – ვკითხულობთ ანგრიშში.
ამასთან, სამინისტროს მიერ 2018-2019 წლებში პროგრამებისათვის და კომპონენტებისათვის არ იყო განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები, რომლებიც მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებაა. შესაბამისად, ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად აღწევს პროგრამა/ქვეპროგრამა დასახულ მიზნებს.
აუდიტი ხარვეზებს ხედავს პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსების კომისიის საქმიანობაშიც. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამინისტროში დაფინანსების კომისიებისათვის არ იყო განსაზღვრული სხდომების ჩატარების პერიოდულობა, ხოლო აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა კომისიების სხდომების არასისტემური და არარეგულარული ჩატარების ფაქტები, რაც იწვევდა ბენეფიციართა განცხადებების არადროულ განხილვებს და დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს.
კერძოდ, ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობის კომისიის საქმიანობაში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც: კომისიამ დაარღვია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადები და განცხადებების განხილვის არადროულობამ გამოიწვია ბენეფიციართა მიმართ უსამართლო და სხვა ბენეფიციარებთან შედარებით არათანაბარი მიდგომა:
“ვერ ხერხდება ბენეფიციარების საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება და ხშირ შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია შესაბამის დასაბუთებას. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების კომისიის საქმიანობაში დაფიქსირდა: საჭიროების დაუსაბუთებლობის მიზეზით მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილებები, ექიმის დანიშნულებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, არაერთგვაროვანი და არასამართლიანი მიდგომების ფაქტები” ,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა შესყიდვების დაგეგმვაშიც. კერძოდ, აუდიტი აცხადებს, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებდა კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, აუდიტის განცხადებით, სამინისტრომ 2018-2019 წლებში, ჯამში, შვიდი CPV კოდით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა გეგმაში ცვლილებების გარეშე:
“სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებდა კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვების გეგმის შეუსაბამოდ, რაც მიუთითებს შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებაზე და წარმოქმნის სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი მართვის რისკებს”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის განცხადებით, 2018 წელს სამინისტროს ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში ორჯერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებლმა, მაღალი ფასით შემდგომი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უარი განაცხადა თავდაპირველ ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო დაბალი ფასით ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო სამინისტროს სატენდერო კომისიამ, ნაცვლად იმისა, რომ განეხილა აღნიშნული ქმედების არაკეთლსინდისიერება და მიმწოდებლისათვის მიეცა დისკვალიფიკაცია ან/და დაერეგისტრირებინა შავ სიაში, სამინისტრომ მასთან გააფორმა ხელშეკრულება გაზრდილი ფასით.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მიუთითებს სამინისტროს სატენდერო კომისიის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე და წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად, არაეფექტიანად განკარგვის რისკებს.
სამინისტროს კიდევ ერთი ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა, ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერებია. კერძოდ, აუდიტის განცხადებით, ოთხი ტენდერიდან, სამში გაიმარჯვა პრეტენდენტმა, რომელიც ამავე კომპანიაში დასაქმებულ პირს ჰქონდა ნაქირავები მფლობელისაგან.
აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამქირავებელი ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებამდე, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება, გადავიდა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ვალდებულებები შესასრულებლად დაუტოვა კომპანიის რეალურ მფლობელს:
“ბენეფიციართა გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბიუჯეტო თანხები, ხოლო მათ არ ჰქონდათ მიღებული დაფინანსებული პროთეზები. შესაბამისად, სამინისტროს არასათანადო კონტროლისა და საქმისადმი არაჯეროვანი მიდგომის პირობებში, დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არაეფექტიანად ხარჯვისა და ბენეფიციარებისათვის არასათანადო მომსახურების ფაქტები”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამედიცინო გასინჯვებისა და მედიკამენტების გადაცემის, აგრეთვე სამინისტროს წარმომადგენლებისა და სამედიცინო პერსონალის გამგზავრების მიზნით, 16 გასვლით ღონისძიებაში, აუდიტის თქმით, ვერ ხერხდება მონაწილე ექიმებისა და მედპერსონალის იდენტიფიცირება და ვერ დასტურდება მათი ღონისძიებაზე გამგზავრება და მონაწილეობა, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.
აუდიტის ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ სამინისტროში იდენტიფიცირებული კონტროლის მექანიზმები გამოირჩევა ნაკლოვანებებით და ვერ დასტურდება მათი ფუნქციონირების ეფექტიანობა.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილებას/პრევენციას ან გამოვლენას/გასწორებას, ხოლო რიგ პროცესებზე საერთოდ ვერ დასტურდება კონტროლის მექანიზმების არსებობა.
შესაბამისად, სამინისტროში არსებული კონტროლის გარემო არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც იქმნება სამინისტროს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ საქმიანობისა და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკები.
ზემოაღნიშნულიდან გმაომდინარე, აუდიტი უწყებას რეკომენდაციებით მიმართავს:
- სამინისტროს მიერ განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის მოთხოვნების დაცვით დაგეგმვა და ქვეპროგრამები აისახოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში. ასევე პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვა განხორციელდეს მხოლოდ წინასწარი დასაბუთებული იგპ-თა საჭიროებების დოკუმენტურად დასაბუთებული კვლევით/ანალიზით და მათი შინაარსი (მათ შორის, კრიტერიუმები) დამტკიცდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციართათვის გამჭვირვალე და სამართლიანი გარემო.
- სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის განისაზღვროს სასარგებლო, შედეგზე ორიენტირებული, ნათელი, გაზომვადი, მიღწევადი და შედარებითი შეფასების ინდიკატორები. ასევე, დაგეგმილი შედეგის მიღწევის კონტროლის მიზნით, ქვეპროგრამებს მიენიჭოს სახაზინო კოდები, ხოლო ზემდგომ ორგანოებს წარედგინოს სრული ინფორმაცია სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების ან/და შეუსრულებლობის შესახებ.
- სამინისტროში შექმნილი ბენეფიციართა დაფინანსების კომისიებისათვის განისაზღვროს წინასწარი კვლევით დასაბუთებული გონივრული სხდომის ჩატარების ვადები, რომელიც აღმოფხვრის განცხადებების დაგვიანებით განხილვის ფაქტებს. ასევე დებულებით დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები ან/და მიდგომები, რომელთა საფუძველზე უნდა მიიღოს კომისიამ ბენეფიციართა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევებში მოთხოვნილ იქნეს გადაწყვეტილების დეტალური დასაბუთება. დადგენილი მექანიზმების ეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფორმალურად (შესაბამისი ბრძანებით) დაინერგოს სათანადო კონტროლი.
- სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს მხოლოდ საბაზრო კვლევისა და იგპ-თა საჭიროებების სათანადოდ/დოკუმენტურად დასაბუთებული კვლევის/ანალიზის საფუძველზე, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვების მართვაში დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯვის ფაქტების პრევენციას.
- მიმდინარე პროცესებში არსებული რისკების შემცირების მიზნით, შემუშავდეს ისეთი კონტროლის პოლიტიკა, პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს ეფექტიან კონტროლს და საჯარო რესურსების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არამიზანშეწონილად ხარჯვისა და არაეფექტიანად მართვის შემთხვევების დროულ გამოვლენასა და აღკვეთას.