ახალი ამბები

გარდაბანსა და ყაზბეგშიც ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს „ასხამენ“, ვიდრე ეტევა — აუდიტი

26 დეკემბერი, 2023 • 540
გარდაბანსა და ყაზბეგშიც ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს „ასხამენ“, ვიდრე ეტევა — აუდიტი

გადაბნისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამსახურებრივ ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს „ასხამენ“, ვიდრე ავზში ეტევა.

ამაზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით, მანამდე „ნეტგაზეთი“ წერდა ავტოპარკის მართვის იმავე ხარვეზებზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

აუდიტის დასკვნის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურეობრივი ავტომანქანების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე, კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 23-24 სამორიგეო ავტომანქანას. წლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 115-145 ავტომობილით. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 588 ტონა საწვავი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე დახარჯულია 404 ტონა საწვავი.

აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.  2021-2022 წლებში სულ გამოვლინდა 147 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზში ჩასხმულია 10 ტონაზე მეტი საწვავი. აღნიშნული
    შეუსაბამობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების) სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადატანის შედეგად;
  • 58 შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დროის მცირე მონაკვეთში საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან და ტექნიკური მონაცემებიდან (წვის ნორმა) გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. ამ გზით სულ ჩასხმულია 2 ტონაზე მეტი საწვავი;
  • საჯარო მოსამსახურეებმა 18 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებზე იუწყება აუდიტის სამსახური ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც. 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა 6 განპიროვნებულ და 1 სამორიგეო ავტომობილს, ასევე, სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 27-28 ავტომობილით. მუნიციპალიტეტმა ორ წელიწადში 213.900 ლარის ღირებულების 96.1 ტონა საწვავი დახარჯა. ბენზინის ტიპის საწვავით ავტომანქანების გამართვა ხორციელდებოდა კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგურიდან, აგაი სისტემის გამოყენებით, ხოლო დიზელი გაიცემოდა პლასტიკური ბარათების საშუალებით, რომლებიც გათვალისწინებული იყო კონკრეტული ავტომანქანების გასამართად.

  • გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალში ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. 2021-2022 წლებში 8 სატრანსპორტო საშუალებაში ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავი ჩასხმულია 18 შემთხვევაში; 2021-2022 წლებში დროის მცირე ინტერვალში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავი ჩასხმულია 28 შემთხვევაში;
  • დაფიქსირდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 448 ფაქტი;
  • შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში კერძო ავტომობილების საწვავით გამართვის 71 შემთხვევა.

ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, დაინერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით. მათ შორის, განხილულ იქნას საკითხი სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვის შესახებ.

ზესტაფონის მერიის ერთ მანქანაში, 6 წუთში 5-ჯერ, ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს — აუდიტი

მასალების გადაბეჭდვის წესი