ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას იწონებს, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოაწერონ.
“კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი! ყოჩაღ “ქართული ოცნებისა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ქვეყნის ინტერესი ყველაზე მაღლა დააყენეს და დოკუმენტს ხვალ ხელს მოაწერენ. სალომე ზურაბიშვილის გაბედული გადაწყვეტილება კრიზისის დროს! ევროპარლამენტის სახელით მოუთმენლად ველით საქართველოს პარლამენტთან ერთად მუშაობას”,-წერს კრამონი ტვიტერზე.
?? 1 more step to go! Kudos to @GeorgianDream41 and those opposition parties that put #Georgia‘s interest above all & will sign the deal tomorrow. @Zourabichvili_S made a bold decision in time of crisis! On behalf of @Europarl_EN looking forward to working with @Geoparliament
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 19, 2021
დღეს, 19 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმას ითვალისწინებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე 43%-იანი დათქმით.
18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.