ახალი ამბები

EU-მ ცალსახად უნდა თქვას, რომ „რუსული კანონის“ შემდეგ არ იქნება მოლაპარაკებების გახსნა – ფონ კრამონი

8 აპრილი, 2024 •
EU-მ ცალსახად უნდა თქვას, რომ „რუსული კანონის“ შემდეგ არ იქნება მოლაპარაკებების გახსნა – ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირმა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხურავს კარს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, ვინაიდან ამის შემდეგ არ იქნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის სხვა ფორმა.

ევროპარლამენტარი ამის შესახებ განცხადებას X-ზე აქვეყნებს.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არა მისი მთავრობის წყალობით, არამედ ასეთი მთავრობის მიუხედავად მიენიჭა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ გამბედაობის დამსახურებაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად გამოიჩინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვეულებისამებრ მოიტყუა – პირობა დადეს, რომ არ დაუბრუნდებოდნენ კანონს, რომელიც ერთი წლის უკან გაიწვიეს, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს არის ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ბოლო წლებში მმართველი პარტია ატარებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელების სიამოვნებას.

კანონპროექტის მიზანია მხოლოდ პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთის აგენტებად შერაცხვა და საზოგადოების თვალში მათი სანდოობის შერყევა, რათა „ქართულ ოცნებას„ საშუალება მიეცეს, განაგრძოს ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა.

უთქმელადაც ცხადია, რომ რუსეთის აგენტები, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის და ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყანაში, უფლება მიეცემათ ფარული ოპერაციები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელონ“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი