ახალი ამბებიკომენტარი

მეგობრულ დახმარებას აქვს ლიმიტები – ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან

1 ოქტომბერი, 2021 • 4300
მეგობრულ დახმარებას აქვს ლიმიტები – ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან

როგორ აღიქმება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბრიუსელში, შეასრულებს თუ არა ევროკავშირი კიდევ ერთხელ მედიატორის როლს იმ შემთხევავში, თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განახლდება, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში და როგორ აისახება გერმანიაში მმართველი კოალიციის ცვლილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერაზე? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი ესაუბრა ევროპარლამენტის წევრ ვიოლა ფონ კრამონს.


ცოტა დრო რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. როგორ აღიქმება ეს არჩევნები ბრიუსელში და როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს, რამდენად თავისუფალი ან პოლარიზებულია ის?

მე მუდმივად ვიღებ ინფორმაციას ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და მეთოდოლოგიურად აფასებენ წინასაარჩევნო პერიოდს. სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლარიზაცია, ძალადობა, სიძულვილის ენა და ცილისწამება არის დომინანტური ტრენდი ამ პერიოდში. როგორც ჩანს, ამგვარი პროცესები ხაზს უსვამს ქართული პოლიტიკის ხასიათს. ეს არის ძალიან სახიფათო და მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რათა დაპირისპირების მაგივრად გადაერთონ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე.

თუ მმართველი პარტია არჩევნებში ვერ შეძლებს მიიღოს ხმათა 43 პროცენტი, უნდა ველოდოთ თუ არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის კუთხით, როგორც ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით დატოვა “ქართულმა ოცნებამ”?

ჩვენ, ევროპარლამენტარებმა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი განსაკუთრებული უკმაყოფილება “ქართული ოცნების” მიერ დაპირებების შეუსრულებლობისა და შეთანხმების დატოვების შესახებ.

ქართული ოცნების განცხადების მიუხედავად, შეთანხმება არ გაუქმებულა და ჩვენ მოველით, რომ ყველა მხარე შეასრულებს დადებულ პირობებს.

თუ ზეწოლა მოსალოდნელია, რა მექანიზმების გამოყენებით და როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 

ევროკავშირი საკუთარ ურთიერთობებს პარტნიორობაზე აგებს და არა ზეწოლაზე. ჩვენ მოველით, რომ ამ პარტნიორობაში ყველა მხარე ასრულებს საკუთარ სიტყვასა და მოვალეობებს. თუ რომელიმე მხარე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ ჩვენ გადავხედავთ იმ მექანიზმებს, რასაც პარტნიორობის ჩარჩო გვთავაზობს ასეთი სცენარების დროს.

ის, თუ რა იქნება ეს მექანიზმები, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდზე. ამ გადმოსახედიდან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რაიმე.

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ჟან მონეს დიალოგის დაწყება კვლავ არის ევროკავშირის დღის წესრიგში?

ჟან მონეს დიალოგი ევროპარლამენტის დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ მას, როგორც სანდო ინსტრუმენტს ქართულ პარტიებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნისთვის.

მე, როგორც საქართველოსთან ჟან მონეს დიალოგის ჯგუფის წევრი, მოუთმენლად ველი დიალოგს. ჩვენ შევძელით მოგვემზადებინა კარგი ნიადაგი წინასწარი მოლაპარაკებებისთვის ივნისში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმებიდან გასვლითა და დაპირებების შეუსრულებლობით, გადაწყვიტა ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად, ჩვენ გვჭირდება გვქონდეს ფუნქციონირებადი ქართული პარლამენტი. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება, უნდა ველოდოთ თუ არა ევროკავშირის მონაწილეობით გამართული მედიაციის კიდევ ერთ რაუნდს?

საქართველოს ჩვენი სახით ჰყავს სანდო მეგობარი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კრიზისის დროს მედიაციისთვის. ამისთანავე, მეგობრულ დახმარებას ყოველთვის აქვს ლიმიტები. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან საუბარი უცხოური შუამავლობის გარეშე. ეს მათი ქვეყანაა და მათ უნდა აიღონ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა.

რამდენიმე დღის წინ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს. რა ტიპის შეხვედრა იყო ეს და რას შეეხებოდა საუბარი? ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს საქართველოში ჩამოვიდოდა. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობთ თუ არა, რომ მისი გადაწყვეტილება გაზრდის პოლარიზაციას წინასაარჩევნო პერიოდში?

ჩემს განცხადებაში გამოვხატე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ დაეხმარება საქართველოს არსებულ პოლარიზებულ ვითარებაში. ეს შექმნის უსარგებლო დაძაბულობას, რომელიც ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის. ამგვარ დაძაბულ ვითარებაში, ძალადობრივ სიტუაციაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსი და მოქალაქე მოიქცეს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

სააკაშვილის დაბრუნების მისტერია როგორ განვითარდება, რთულად სათქმელია.

ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა ათასობით ფაილი, რომლებიც ძირითადად საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების საუბრებს შეეხებოდა, მაგრამ ასევე მოიცავდა ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დიპლომატების, მათ შორის ჰუბერთ ქნირშის და კარლ ჰარცელის საუბრებს. როგორ აღიქმება ეს ევროპარლამენტში და ზოგადად, რა რეაქციას შეიძლება ველოდოთ ევროკავშირისგან?

გასაგებია, რომ უშიშროების სამსახურებს სჭირდებათ, რომ მონიტორინგი გაუწიონ სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სტრატეგიული პარტნიორების კერძო საუბრების მიყურადებას, რასაც საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, აკეთებდა.

მე ხაზს ვუსვამ, კერძო საუბრები, რომლებიც არის ძალიან პერსონალური ხასიათის და აქვს ნულოვანი მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გამოიძახეს ბრიუსელში და აუხსნეს ის ზიანი, რაც მიყურადების სკანდალმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს მიაყენა.

რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ოცნებამ, საგარეო ვალის შემცირების არგუმენტით, უარი განაცხადა მიეღო ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური მხარდაჭერა, თუმცა, ევროკავშირის თანახმად, საქართველო უკვე ვერ ასრულებდა იმ წინაპირობებს, რაც საჭირო იყო ფინანსური პაკეტის მისაღებად. კიდევ ერთხელ, როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?

მაკროფინანსური მხარდაჭერა (MFA) გაიცემა ძალიან ხელსაყრელი პირობებით, რათა დაიძლიოს კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ძალიან ბევრი გამოწვევა. ვალდებულებების აღების საპირისპიროდ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არ განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიეს საერთაშორისო ექსპერტების რჩევების საწინააღმდეგოდ. შედეგად, საქართველომ ვერ შეძლო 150-მილიონიანი ევროს ფინანსური მხარდაჭერის მეორე ნაწილის მიღება. ქართულმა ოცნებამ იცოდა ეს ძალიან კარად და გადაწყვიტა, რომ შემოებრუნებინა ნარატივი. შედეგად, შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ საქართველომ მიიღო რამდენიმე სხვა სესხი, რომელთაც აქვს გაცილებით უარესი პირობები, იმისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ვთავაზობდით.

როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქვეყანა 2024 წლისთვის გეგმავს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებას. დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენი აზრით, რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირს მიუახლოვდეს?

საქართველო ახლა უფრო შორსაა წევრობის განაცხადის გაკეთებისგან, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ. უახლესი სკანდალები, პოლიტიკური ძალადობა და დაპირებების მუდმივი შეუსრულებლობა აზიანებს ნდობას. ევროკავშირი არის მჭიდრო პარტნიორობის კავშირი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ნდობას.

გვსურს ასევე გკითხოთ გერმანიის ფედერალური არჩევნების შესახებაც. რა შანსები აქვს “მწვანეთა პარტიას”, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რომ სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდეს? ახალი მთავრობის შემთხვევაში როგორი იქნება ურთიერთობები რუსეთთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების, ენერგეტიკისა და რეგიონალური კონფლიქტების გათვალისწინებით? არის თუ არა მოსალოდნელი, რომ გერმანია უფრო კრიტიკული იქნება, ვიდრე ეს მერკელის მმართველობის დროს იყო?

არ მსურს სპეკულირება ამ საკითხზე, რადგან შესაძლო კოალიციურ ვარიანტებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან მოსალოდნელია, რომ მწვანეები გერმანიის მომდევნო მთავრობაში იქნებიან. ჩვენი პარტია განსაკუთრებით ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და, შესაბამისად, ძალიან კრიტიკულია ავტოკრატიებისა და დიქტატურების შემთხვევაში.

ახალი მთავრობის შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან უნდა ველოდოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უფრო მეტ მხარდაჭერას, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით? რაზე იქნება დამოკიდებული ეს მხარდაჭერა?

ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა დამოკიდებულია თავად ამავე ქვეყნებზე. “მეტი მეტისთვის” პრინციპის თანახმად, საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავადვე უნდა განსაზღვრონ, რა მხარდაჭერას მიიღებენ, რაც დამოკიდებულია იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რასაც ისინი განახორციელებენ.


ვიოლა ფონ კრამონს ნეტგაზეთმა კითხვები რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებამდე, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა, ადრე გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი