ახალი ამბები

როგორ აღიქმება 2 ოქტომბრის არჩევნები ბრიუსელში

30 სექტემბერი, 2021 •
როგორ აღიქმება 2 ოქტომბრის არჩევნები ბრიუსელში

როგორია ევროკავშირის მოლოდინი საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისა და მისი შედეგების შესახებ? რა რეაქცია აქვს ბრიუსელს დიპლომატების შესაძლო თვალთვალის საქმეზე და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაცივება?

ეს არის ძირითადი კითხვები, რომლებიც საქართველოში 2 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ირგვლივ ისმის ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში – ბრიუსელში.

29 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, დისკუსია გაიმართა, სადაც მათ შორის ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება დაგეგმილი არჩევნები ევროკავშირის მხრიდან.

ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონისა და პეტრას აუსტრევიჩიუსის თანახმად, არჩევნებით, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, საქართველომ უნდა დაამტკიცოს მისი ევროპული მისწრაფებები, თუმცა, ამავდროულად, მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანიები პოლარიზებული და დაპირისპირებებით აღსავსეა.

რატომ არის 2 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თანახმად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია და ამას ადასტურებს ის, რომ არჩევნებს ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები დააკვირდებიან.

“ეს არის განსაკუთრებული არჩევნები, მაშინაც კი, თუ მას მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვუწოდებთ.

ვფიქრობ, ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ეუთო/ოდირი აგზავნის 350 მოკლევადიან და 20-22 გრძელვადიან დამკვირვებელს [ცესკოს თანახმად, არჩევნებს ეუთო/ოდირის 514 დამკვირვებელი დააკვირდება]. ეს არ ხდება ძალიან ხშირად. სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფის მზადება მიმდინარეობს ისე, როგორც ეს პარლამენტის ან საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდებოდა.

ასევე, ჩემი კოლეგები [ევროპარლამენტარები] მოემგზავრებიან თბილისში. როგორც წესი, ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიას არ გზავნის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ეს ხაზს უსვამს ამ არჩევნების მნიშვნელობას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა დისკუსიის მიმდინარეობისას.

 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

“არავინ მოელოდა, რომ ადგილობრივი არჩევნები ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ ყურადღებას მიიქცევდა”, – განაცხადა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

მისი განცხადებით, არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რათა “ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს თავისი მისწრაფებები ევროინტეგრაციისადმი არა მხოლოდ უბრალოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ რაიმე უფრო ხელშესახებით”.

პოლარიზებული საარჩევნო გარემო

ვიოლა ფონ კრამონის თანახმად, პოლიტიკური გარემო არის განსაკუთრებით სავსე გამოწვევებით.

“ყოველთვის, როცა საქართველოში ჩავდივარ, ვამბობ, რომ ეს არის დაძაბულობის პიკი, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ დეპოლარიზების ნაცვლად, ის კიდევ და კიდევ უფრო მძიმდება”, – განაცხადა კრამონმა.

მისივე თქმით, საქართველოში სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი.

“თავს ვიკავებდი, რომ გამოვიყენო ეს სიტყვა – სახელმწიფოს მიტაცება. ეს ჩვენ ვნახეთ მოლდოვისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიტაცებას საქართველოშიც, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი, როდესაც საქმე ეხებოდა უცხოურ ინვესტიციებს, ანტიკორუფციულ რეფორმებსა და სხვა ინდიკატორებს, რომლებიც ასახავდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდიოდა.

ბოლო კვირისა და თვის განმავლობაში, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი მიხვდებოდნენ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელნი არამხოლოდ საკუთარ პარტიასთან, არამედ მთელი ქვეყნის წინაშეც, მაგრამ თანდათანობით მაქვს განცდა, რომ ეს მართლაც ასეა [ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საკუთარ პარტიასთან]”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

პეტრას აუსტრევიჩიუსის თანახმად, ევროპარლამენტარები საარჩევნო პროცესიდან მოელიან 3 ძირითად პირობას, მათ შორის:

  • თავისუფალი არჩევნები;
  • სამართლიანი არჩევნები;
  • პოლიტიკური პარტიების მიერ აღიარებული არჩევნების შედეგები.

“ეს არის ძალიან სტანდარტული პროცედურა ნებისმიერი არჩევნებისთვის. ჩვენ ვხედავთ ექსტრემალურ პოლარიზაციას. ძალიან განსხვავებულ ხედვებს, რომლის დროსაც  ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

სამწუხაროდ, მე არ შემიძლია საარჩევნო კამპანია დავახასიათო, როგორც მშვიდი, თანაბრად კონკურენტული და ინფორმაციული. ჩვენ არ მოგვწონს ვიხილოთ ამგვარი რამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

“სურათი, რასაც საქართველოდან ვიღებთ, არის ძალიან სამწუხარო და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ადგილზე ყოფნითა და საერთაშორისო ყურადღების გათვალისწინებით, ხალხი გაიაზრებს, რომ არჩევნების ბედი დამოკიდებულია მათზე. ეს არის მათი არჩევნები და გადაწყვეტილება”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეს იქნება ნდობის გამოცხადების არჩევნები, გააგრძელებს თუ არა ქართული ოცნება მართვის ამგვარ გზას, თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

“მე მოვუწოდებ ყველა მხარეს მშვიდი და დემოკრატიული დამოკიდებულებისკენ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არჩევნები არ არის ჩვენთვის. ეს არის საქართველოსთვის და ეს სწორად უნდა იქნეს გაგებული დასაწყისიდანვე.

ამიტომაც მოველით დემოკრატიის მაგალითს საქართველოში, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველო მდგრადია ევროინტეგრაციის ნებისმიერი კურსიდან გადახვევის მიმართ”, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია არის დემოკრატიზაციის გარანტია, დემოკრატიზაცია არის ევროინტეგრაციის მთავარი შემადგენელი ნაწილი საქართველოში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე პროცესი ერთდროულად და ერთი მიმართულებით წარიმართოს.

დიპლომატების მოსმენები და ევროკავშირის რეაქცია 

პეტრას აუსტრევიჩიუსის თანახმად, ევროპელი დიპლომატები არ წარმოადგენენ რაიმე სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსთვის და მათი მოსმენა არის მიუღებელი.

“ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები არ გვენდობიან. თბილისში სწორად უნდა გაიგონ, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ეს იქნება განმეორებული ყოველ ჯერზე. ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლონ”, – განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.


სტატია მომზადებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზაციის პოზიციას.

ელჩებისა და მათი თანაშემწეების მიყურადების შესახებ, დამატებით იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი