ახალი ამბები

ართვინში 2 ადამიანი დააკავეს სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერი ბანერების გადმოფენისთვის — მედია

10 აპრილი, 2021 •
ართვინში 2 ადამიანი დააკავეს სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერი ბანერების გადმოფენისთვის — მედია

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, “მემარცხენე პარტიის” წარმომადგენლები მათ ოფისებზე გადმოფენილი ბანერების გამო დააკავეს: ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბანერებით ისინი პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ. დაკავებულები უკვე გათავისუფლდნენ.

სტამბოლის კონვენცია საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, თურქეთი კონვენციას ტოვებს. აღნიშნულს მალევე მოჰყვა პროტესტი უფლებადამცველი აქტივისტებისა და სხვა მოქალაქეების მხრიდან.

თურქული BirGün-ის თანახმად, მიმდინარე კვირაში საპროტესტო ბანერი “მემარცხენე პარტიის” წარმომადგენლებმა, თავდაპირველად, ართვინის პროვინციის ქალაქ ჰოფაში, თავიანთი ოფისის ფანჯრიდან გადმოფინეს. გაზეთის ცნობით, ოფისის წარმომადგენლები უსაფრთხოების დირექტორატმა გააფრთხილა, ჩამოეხსნათ პლაკატი. მას შემდეგ, რაც ეს არ გააკეთეს, ბანერი პოლიციამ ჩამოხსნა. პარტიის წევრებმა ის მალევე შეცვალეს ახლით.

საპროტესტო ბანერი აღნიშნულიდან მალევე გამოჩნდა პარტიის სხვა ოფისის ფასადზე, ქალაქ ბორჩხაში, რომელიც ასევე ართვინის პროვინციაში მდებარეობს. ჰოფის პოლიციის მსგავსად, ადგილობრივმა ჟანდარმერიამ ბორჩხის ოფისის ხელმძღვანელს, ომერ ჩათანს, ბანერის ჩამოხსნა მოსთხოვა. სასურველი შედეგი ვერც აქ მიიღეს, რის შემდეგაც ჩათანი საკუთარი სახლიდან განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ახსნა-განმარტების შემდეგ გათავისუფლდა.

ბორჩხის ოფისის განცხადებით, პოლიცია მათ ხელმძღვანელს საზოგადოებაში სიძულვილისა და მტრობის პროვოცირებას ედავებოდა.

“გვინდა, საზოგადოებას დავუდასტუროთ, რომ არ ვაღიარებთ ერთი კაცის განკარგულებას ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინების პოლიტიკის მიუხედავად. ჩვენ არ დავთმობთ სტამბოლის კონვენციას”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე გაზეთის ინფორმაციით, სტამბოლის კონვენციის დატოვების საწინააღმდეგო ბანერი 8 აპრილს “მემარცხენე პარტიის” ართვინის ოფისზეც გამოჩნდა. მისმა ხელმძღვანელმა, სერჯან დედემ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბანერის გამო ისიც დააკავეს და ახსნა-განმარტების შემდეგ გაათავისუფლეს.

“მან, ვინც ჩვენი პარტიის ოფისში შემოიჭრა და დაგვაკავა, უნდა იცოდეს, რომ ახლა ამ ბანერს ყველგან ჩამოვკიდებთ”, — დასძინა მან.


სტამბოლის კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. ის ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისს, სტამბოლში, მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიის დროს გაიხსნა. დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ და სოციალურ ინსტრუქციებს მთავრობებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

თურქეთის ხელისუფლებას არ დაუსახელებია მიზეზები, კონკრეტულად რატომ ტოვებს ქვეყანა საერთაშორისო კონვენციას. თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც, ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.

უფლებადამცველები და სხვები აქამდეც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას კონვენციის დათქმების შესრულებისთვის არასაკმარისად მუშაობის გამო. ახლა კი, როცა ქვეყანა შეთანხმებიდან გავიდა, პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან. უკვე გაიმართა არაერთი აქცია ერდოღანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

თურქეთში მოქმედი პლატფორმის — “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” — მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 300 ქალი გახდა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიხედვით კი, თურქეთში ქალების თითქმის 40%-ია ძალადობის მსხვერპლი თავიანთი პარტნიორების ხელში. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი