თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი. აღნიშნულს წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.
კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. იგი ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისს, სტამბოლში მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიის დროს გაიხსნა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება — სტამბოლის კონვენცია. დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ და სოციალურ ინსტრუქციებს მთავრობებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ერდოღანის გადაწყვეტილებამდე, კონვენციას აკრიტიკებდნენ თურქეთის მმართველ პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი ერდოღანია. პარტიის წარმომადგენლები, ქვეყნის სხვა კონსერვატიული ძალების მსგავსად ამბობდნენ, რომ დოკუმენტის პრინციპები არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს. ისმოდა მოსაზრებები, რომ ის “ახალისებს” ჰომოსექსუალობასა და გაყრას.
კონვენციის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადებები გაავრცელეს თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ქალთა უფლებებს ქვეყნის კანონმდებლობაც სრულყოფილად იცავს.
“ქალებისთვის გარანტია ჩვენი შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებია, პირველ რიგში — კონსტიტუცია… სისტემა საკმარისად დინამიური და ძლიერია, საჭიროების შემთხვევაში ახალი კანონმდებლობის შემოღებისთვის”, — დასძენს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური სერვისების მინისტრი ზეჰრა სელჩუქი.
თურქეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი ფაჰრეთთინ ალთუნი კი აღნიშავს, რომ ქალთა პრობლემების მოგვარება მთავარ საკითხად რჩება თურქეთის მთავრობისთვის.
ხელისუფლების პათოსს ქალთა უფლებადამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები არ იზიარებენ. ისინი აქამდეც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას კონვენციის დათქმების შესრულებისთვის არასაკმარისად მუშაობის გამო.
“თქვენი ცარიელი და ლამაზი სიტყვების უკან ქალები და ბავშვები დგანან, რომელთაც ცხოვრება აქვთ ჩაბნელებული და ამბობენ: “არ გვინდა, რომ მოვკვდეთ”, სახელმწიფოს ნაცვლად კი ქალთა ორგანიზაციებსა და ჩვენ მოგვმართავენ. ხალხი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ”, — ასე უპასუხა მინისტრ სელჩუქის სიტყვებს გოქჩე გოქჩენმა თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ვიცე თავმჯდომარემ
გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თურქი მწერალი ელიფ შაფაქიც. ის წერს:
“შეშინებული ვარ იმის გაგებით, რომ დღეს ღამით თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა სტამბოლის კონვენციიდან გასვლა. ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც დღეში სამ ქალს კლავენ და ფემიციდი უდიდეს კრიზისს წარმოადგენს”.
თურქეთში მოქმედი პლატფორმის “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს 300 ქალი გახდა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიხედვით კი, თურქეთში ქალების თითქმის 40%-ია ძალადობის მსხვერპლი თავიანთი პარტნიორების ხელში. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.
“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ