ახალი ამბები

“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ

21 მარტი, 2021 • 1765
“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ

თურქეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანა ტოვებს “სტამბოლის კონვენციას” ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ქალთა დემონსტრაციები შესაბამისი განკარგულების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში დაიგეგმა.

ხალხმრავალი აქცია ჩატარდა სტამბოლის აზიურ ნაწილში, სადაც დემონსტრანტები სხვადასხვა შინაარსის პლაკატებითა და მოკლულ ქალთა პორტრეტებით ხელში გამოვიდნენ. ისინი სკანდირებდნენ: “არ გვეშინია, არ გავჩუმდებით, არ დავემორჩილებით!” ისმოდა შეძახილიც: “ჩვენ არ ვაღიარებთ 1 კაცის გადაწყვეტილებას”.

კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. იგი ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისს, სტამბოლში მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიის დროს გაიხსნა. დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ და სოციალურ ინსტრუქციებს მთავრობებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

უფლებადამცველები და სხვები აქამდეც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას კონვენციის დათქმების შესრულებისთვის არასაკმარისად მუშაობის გამო. ახლა კი, როცა ქვეყანა შეთანხმებიდან გავიდა, პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან.

“მათ სურთ, რომ ქალებს არ შეეძლოთ, თქვან “არა”, არ აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ და არ მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით”, — ციტირებს თურქული “ბიანეტი” აქტივისტ თუღჯე ჯანბოლატს.

შედარებით მცირემასშტაბიანი აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ადანაში, ერზრუმში, სამსუნსა და ანტალიაში.

თურქეთის ხელისუფლებას არ დაუსახელებია მიზეზები, კონკრეტულად რატომ ტოვებს ქვეყანა საერთაშორისო კონვენციას. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.

კონვენციის დატოვების შემდეგ თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ქალებს ძალადობისგან ქვეყნის შიდა კანონმდებლობაც იცავს და ქალთა პრობლემები სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტია. კრიტიკოსები ამ პათოსს არ იზიარებენ.

თურქეთში მოქმედი პლატფორმის “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს 300 ქალი გახდა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიხედვით კი, თურქეთში ქალების თითქმის 40%-ია ძალადობის მსხვერპლი თავიანთი პარტნიორების ხელში. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

ფოტო გარეკანზე: BirGün Gazetesi

თურქეთი ტოვებს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი